როგორც მარტის აქციებზე იბრძოლა საზოგადოებამ, ისე მოგვიწევს ბრძოლა ამ პერიოდის განმავლობაში - ქაცარავა

19.12.23 22:07
როგორც მარტის აქციებზე იბრძოლა საზოგადოებამ, ისე მოგვიწევს ბრძოლა ამ პერიოდის განმავლობაში - ქაცარავა

„მთელი ობერ-ქოცების ელიტა დაკავებული იყო იმით, რომ აგინებდა დასავლეთს და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩაეგდო სტატუსის თემა," - ამ განცხადებას "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა "რეაქციაში" აკეთებს.

ქაცარავას შეფასებით, ახლა მმართველი ძალა შეეცდება, რომ ბრიუსელის გადაწყვეტილება პარტიის სასარგებლოდ გამოიყენოს. თუმცა, როგორც ქაცარავა ამბობს, ხელისუფლება დაკისრებულ ვალდებულებებს კვლავ არ შეასრულებს და რუსული დირექტივების შესაბამისად იმოქმედებს. 

გურამ მაჭარაშვილი კი არა, სრულიად „ქართული ოცნება“ იყო დაკავებული იმით, რომ ჩაეგდო სტატუსის მოცემა. ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ თავისი ჩავარდნილი მისიიდან მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. ის ახლა უკვე ემზადება არჩევნებისთვის და შეეცდება დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ სტატუსის მიღება მისი დამსახურებაა. 
ბრიუსელმა ეს სტატუსი მისცა ნამდვილად ქართველ საზოგადოებას და ბრიუსელი პირდაპირ გვემესიჯებოდა მოსახლეობას, რომ თქვენ ხართ ის საზოგადოება, ვისაც ჩვენ ვეკონტაქტებით, ვისაც ეკუთვნის სტატუსი. ეს არის ავანსი, ეს არის პირდაპირი მინიშნება ბრიუსელის მხრიდან, რომ თუ იბრძოლებთ, მიიღებთ. ბრიუსელი ვერ გამოგზავნის ტანკებს და ძალისმიერი მეთოდებით ის ვერ დაგეხმარება ხელისუფლების შეცვლაში, ისევ და ისევ, როგორც მარტის აქციებზე იბრძოლა საზოგადოებამ რუსული კანონის წინააღმდეგ, ისე მოგვიწევს ბრძოლა ამ პერიოდის განმავლობაში. არ მჯერა, რომ "ოცნება" ამ 9 რეკომენდაციას შეასრულებს. შეიძლება 9-დან შეასრულოს 2, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩავარდეს ეს პროექტიც, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არის ყველაზე მეტად პრორუსული, რაც ჰყოლია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. კრემლისგან მიღებული დავები სრულდება ზედმიწევნით,“ - ამბობს ქაცარავა.