ქაცარავა: ოკუპანტების მიერ ჩაცხრილული გუნტურის ოჯახმა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს

19.12.23 22:38
ქაცარავა: ოკუპანტების მიერ ჩაცხრილული გუნტურის ოჯახმა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს

რუსი ოკუპანტების მიერ სასტიკად ჩაცხრილული თამაზ გუნტურის ოჯახმა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ ინფორმაცია "რეაქციაში" დავით ქაცარავამ გააკეთა.

როგორც ქაცარავა ამბობს, ოჯახი გადაწყვეტილებას მიიღებს და გინტურის საქმეც სტრასბურგში წავა. 

მკვლელები, რომლებმაც მოკლეს ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები, დღეს არიან თავისუფლები, წახალისებულები და არანაირი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა, ოჯახებს მხარში დგომა რეალური არ ჰქონიათ. სახელმწიფომ, როგორც თავმოყვარემ, ღირსეულმა სახელმწიფომ არ იმოქმედა და გრძელდება პარალელურ რეჟიმში რუსებთან ბიზნესის კეთება, ეს არის რეაგირება? ამის იმედი უნდა ჰქონდეს ოთხოზორიას, გინტურის ოჯახს? ჩვენ ვესაუბრებით გინტურის ოჯახს და ძალიან მძიმეა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმიტომ, რომ თამაზ გინტური ძალიან დიდი ადამიანი იყო და გადმოდგა ქვეყნისთვის, ვესაუბრებით და ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენი იურისტი, ამ საქმეს წაიღებს სტრასბურგში, საბოლოო თანხმობა ალბათ იქნება. იმედი მაქვს, რომ დაგვთანხმდება ოჯახი და ეს საქმეც წავა სტრასბურგში, მაგრამ ეს არ იქნება ხელისუფლების დამსახურება. ხელისუფლება სამწუხაროდ, მაქსიმალურ კომფორტს უქმნის საოკუპაციო რეჟიმს ოკუპაციის პროცესში,“ - განაცხადა ქაცარავამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთი დამნაშავედ ცნო - დადასტურდა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ  სიცოცხლის უფლება დაარღვია.  პუტინის რუსეთს ოთხოზორიას ოჯახისთვის 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.