ვენეციის კომისიამ „ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას „წითელი აუნთო“ - გიორგი სიორიძე

20.12.23 11:42
ვენეციის კომისიამ „ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას „წითელი აუნთო“ - გიორგი სიორიძე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების ამ ისტორიული და სასიხარულო მოვლენის ფონზე, გუშინ, ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას „წითელი აუნთო“ - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი სიორიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

სიორიძის თქმით, საარჩევნო რეფორმა, რომლის მიზნადაც 12 რეკომენდაციის შესრულება და ევროკომისარ ვარჰეის შეფასების მხედველობაში მიღება გამოცხადდა, პრაქტიკულად ყველა ნაწილში უმწვავესად არის გაკრიტიკებული.

ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა მკაფიოდ და არაორაზროვნად დაასახელა ის მთავარი პრობლემური საკითხები, რაზეც „ლელო“ წელიწადზე მეტია ხმამაღლა საუბრობს, კერძოდ:

ცესკოში არის ლეგიტიმაციის კრიზისი. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეს და წევრებს, რომლებიც ერთპარტიულად, ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმით, მოკლე ციკლით, 6 თვით იყვნენ არჩეულნი, უკვე წელიწადნახევარია უხანგრძლივდებათ უფლებამოსილების ვადა. ამგვარი გახანგრძლივება ეწინააღმდეგება ანტიჩიხური მექანიზმის მიზანს და ის დაუშვებელია.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იყოს ისეთი, როგორც განსაზღვრული იყო „შარლ მიშელის შეთანხმებით“, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უნდა აირჩენ პარლამენტის 2/3-ის უმრავლესობით და ანტიჩიხური მექანიზმით, რომელიც პოლიტიკური კონსულტაციებისთვის შესაბამის დროის მონაკვეთებს გულისხმობს.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურათა პარლამენტისთვის წარდგენის უფლება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტს ჩამოართვა და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაუმტკიცა, უნდა დაუბრუნდეს ისევ პრეზიდენტს.

ამოღებული იქნეს რეფორმის პროექტიდან ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილება. ვენეციის კომისიის მტკიცებით, მთავარი გამოწვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს, ეს საზოგადოებრივი ნდობის არარსებობაა. ამიტომაც, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არათუ ემსახურება საქართველოს ევროინტეგრაციას, არამედ წარმოადგენს დიდ, უკან გადადგმულ ნაბიჯს. შესაბამისად, ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გააკეთოს, არის ამ რეფორმის გაწვევა და ერთპარტიულად მიღებული ცვლილებების თავადვე შეცვლა მათ მიერვე ცალმხრივად ანულირებულად გამოცხადებული „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული წესის შესაბამისად"- თქვა სიორიძემ.