საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის - მიქანაძე

20.12.23 12:13
საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის - მიქანაძე

"საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის", - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა გივი მიქანაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე 19 აპრილის სქემასთან დაბრუნება გაუმართლებელია.

მიქანაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევის პარლამენტში გადმოტანა პრეზიდენტის მიერ პროცესის ჩიხში შეყვანამ განაპირობა.

ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით დავუბრუნდეთ მოცემულობას, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი.

დასკვნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, რადგან პროცესი დეტალურად და არგუმენტირებულად ავხსენით.

ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ იმის თაობაზე, თუ რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევის პროცესი პრეზიდენტიდან პარლამენტში გადმოსულიყო. პრეზიდენტმა პროცესი ჩიხში შეიყვანა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს დემარში, რათა პრეზიდენტის კომისიაში მონაწილეობა არ მიეღოთ. პროცესი წინ იმის გამოც ვერ წავიდა, რომ 5 თვის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსზე, უნდობლობიდან გამომდინარე განაცხადი ერთმა ადამიანმაც კი არ შეიტანა.

ინერგება რა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმის მიცემას ელექტრონული აპარატების მეშვეობით ითვალისწინებს, საჭიროა ცესკოს გამართული ადმინისტრაცია ჰყავდეს. ამისთვის იყო საჭირო ცვლილებები, რომელიც მეტ გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას მოიცავს.

ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი საერთოდ არ არის წარმოდგენილი და საუბარია იმაზე, რომ ორიენტირი 19 აპრილის სქემაზე გაკეთდეს", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიამ წამზომი ჩაურთო.  უწყება, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა, საერთაშორისო ექსპერტებმა დაიწუნეს. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ვერც კორუფციულ გარიგებას გამოიძიებს, ვერც ხალხისთვის მოპარული ფულის კვალზე გავა, ვერც ვერავის დასჯის და ვერც ვერავის დაასანქცირებს. ვენეციის კომისია პირდაპირ ითხოვს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შეფი, ვინც ჩინოვნიკების დაუსაბუთებელი გამდიდრების საქმეები უნდა გამოიძიოს  იმისთვის, რომ ნდობა ჰქონდეს, მრავალპარტიული ჩართულობით უნდა დამტკიცდეს.