"ცესკოს ქმედებები წინააღმდეგობაშია ორგანიზაციის მიერვე გაცხადებულ ამოცანასთან" - "დროასა" და "გირჩის" პასუხი
პარტია "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პასუხობენ და აცხადებენ, რომ ცესკოს ქმედებები ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მთავარ ამოცანას.
საქმე ეხება 5 დეკემბრიდან წამოწყებულ კამპანიას "საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში", რომლის მიხედვითაც ერთ მილიონამდე ქართველ ემიგრანტს ეძლევა საშუალება საარჩევნო ხმის უფლება მოიპოვოს.
1. ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალური წერილით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ადასტურებს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არანაკლებ 50 ამომრჩევლისთვის, ცესკო ვალდებულია გახსნას საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ;
2. ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარ ოფიციალურ წერილში იყენებს ზუსტად იმავე სამართლებრივ ნორმას, რომელიც პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ მიერ არის გამოყენებული ემიგრანტების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
3. ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილში განმარტავს, რომ მონაცემები უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების შესახებ უნდა მიიღოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და არა უშუალოდ მოქალაქეებისგან. აღნიშნული ჩვენთვის ცნობილია კამპანიის დაგეგმვის პროცესიდან. სწორედ ამიტომ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები მიმართვას აგზავნიან არა მხოლოდ ცესკოში, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
4. ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილში განმარტავს, რომ მისი უშუალო პასუხისმგებლობაა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. სამწუხაროა, რომ ცესკოს ქმედებები წინააღმდეგობაშია ორგანიზაციის მიერვე გაცხადებულ ამოცანასთან. ცესკოს მიერ წერილში მითითებული ნორმის საფუძველზე, 5 დეკემბრიდან მოყოლებული, შესაძლებელი გახდა ქართველი ემიგრანტების მსოფლიოს 9 ქვეყნის 44 ქალაქში მობილიზება, რაც მათ მაღალ მოტივაციაზე მეტყველებს, მონაწილეობა მიიღონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ ფონზე, გაურკვეველი რჩება, რატომ ვაწარმოებთ ამ კამპანიას ჩვენ და არა თავად ცესკო.
მეტი ენთუზიაზმითა და ენერგიით ვაგრძელებთ კამპანიას „საარჩევნო ყუთი თქვენს ქალაქში“ და ვთხოვთ ქართველ ემიგრანტებს მაქსიმალურ ჩართულობა", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.