1:0 ქართველი ხალხის სასარგებლოდ - სააკაშვილი მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
1:0 ქართველი ხალხის სასარგებლოდ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ულოცავს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას EU-ს სტატუსი არ მიეღო.
მიხეილ სააკაშვილი "რუსული კანონის" უკან გაწვევის საკითხს შეეხო და თქვა, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეების დამსახურებით, კობახიძე-ივანიშვილის გუნდი იძულებული გახდა, კანონი უკან გაეწვია.
"ერთად გამოვგლიჯოთ ეს პერსპექტივა მთავრობას, ან ახლა ან არასდროს"- თქვა სააკაშვილმა.
მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს! 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ყველამ კარგად იცით, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციებზე მუდმივად, არ უნდოდათ ხელმოწერა ამ დოკუმენტის ევროკავშირის სტატუსზე. უკრაინამ პრაქტიკულად აიძულა ეს იმიტომ, რომ უკრაინამ მოახდინა ინიცირება, რომ ეს ხელშეკრულება და თხოვნა შეეტანათ და გაიხსენეთ როგორ იყო - რუსული აგენტების კანონი შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენ გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებზე აიძულა მისი უკან გახმობა და გაუხსნა გზა ევროკავშირში ჩვენ ხალხს, -თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ევროპული გზის მუდმივად საბოტირებას აპირებს, ამიტომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, "მთავრობას ეს პერსპექტივა გამოვგლიჯოთ".
ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთად გამოვგლიჯოთ ეს პერსპექტივა მთავრობას. ან ახლა ან არასდროს! ისინი აპირებენ ჩვენი გზის მუდმივად საბოტირებას. ქართველი ხალხისთვის არის ორი არჩევანი - ან ესენი დატოვოს ხელისუფლებაში და მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ უსაშველოდ გაგრძელდება, შეიძლება გადავიჩეხოთ, ან ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას და მაშინ საქართველო სწრაფი ტემპით წავა ევროკავშირისკენ, გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ხალხს ბევრად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს“, - განაცხადა სააკაშვილმა.