ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 17 წლის განმავლობაში პირველად გასაჩივრდა

20.12.23 14:57
ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 17 წლის განმავლობაში პირველად გასაჩივრდა

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 17 წლის განმავლობაში პირველად გასაჩივრდა - ინფორმაციას "მთის ამბები ავრცელებს". 

ირკვევა, რომ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას საჩივრით სოფელ ხალიფაურში მცხოვრებმა 87 წლის გურამ გაფრინდაშვილმა მიმართა.

გურამ გაფრინდაშვილი ერთადერთი ადამიანია მთელ ჭიათურაში, რომელმაც ამ პრობლემაზე სამართლებრივი დავის დაწყება გაბედა და ლიცენზიის გაუქმებას ღია კარიერული წესით მოპოვების ნაწილში ითხოვს"- წერს გამოცემა. 

"მთის ამბები" ვრცელ სტატიაში  ჭიათურის სოფლებში დარკვეთში, მღვიმევში, ხალიფაურში, რგანში, თაბაგრებში და სხვაგან საგანგაშოდ მძიმე მდგომარეობას აღწერს. 

გამოცემის ცნობით, ასობით ჰექტარი მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად გადათხრილი და წლების განმავლობაში მიტოვებულია, გაჩეხილი და განადგურებულია ტყეები. წყლით სავსე თხრილში ადამიანიც დაიხრჩო. მადნის მომპოვებელი საბადოებიდან 30 კმ-მდე დაშორებულ სოფლებშიც კი, ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ნიადაგში მძიმე ლითონების - დარიშხანისა და ტყვიის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე ბევრად მაღალია. მძიმე მეტალებით საგანგაშოდ არის დაბინძურებული მდინარე ყვირილა და მისი შენაკადებიც. ზოგიერთ სოფელში აღარ არსებობს სამანქანო გზები და გადაუდებელ შემთხვევებში ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სერვისებზე. ბავშვებს სკოლაში სიარული საფეხმავლო ბილიკებით უწევთ, რაც კარიერებზე გადის. ნალექიან ამინდში მანგანუმის მოსაპოვებლად გადათხრილ ადგილებში მძაფრი სუნი დგას, რის გამოც ადამიანები გონებას კარგავენ.

„მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს ნახულობს (ოფიციალური მონაცემებით, წლიურად 96 მილიონიანი მოგება), ტოტალურად უგულებელყოფს კანონებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, პირდაპირ მიწაში მარხავს მათ ქონებას და მომავლის პერსპექტივას. ამ დანაშაულებრივ საქმეში „ჯორჯიან მანგანეზის“ მოკავშირე და მფარველი სახელმწიფოა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტში 16430 ჰექტარზე მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2006 წლის 19 დეკემბრიდან ფლობს, 40 წლით. ლიცენზია ისე გაიცა, რომ გადაწყვეტილების მიღების არცერთ ეტაპზე მოსახლეობას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013-2017 წლებში კომპანიას გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 416 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ამ საბაბით, 2017 წელს სახელმწიფომ „ჯორჯიან მანგანეზში“ სამი წლით, სპეციალური მმართველი შეიყვანა - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც წარსულში ფინანსური დანაშაულისთვის იძებნებოდა. ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ კომპანიას ჯარიმა, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი ჩამოაწერეს.

მე-7 წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ბუაჩიძის დროებითი განჩინებით საწარმოს სპეციალური მმართველი ისე მართავს, რომ სასამართლოში სარჩელი შეტანილი არ არის და რაიმე დავა არ მიმდინარეობს, რაც იურისტების თქმით, უკანონოა.

„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ საწარმოში სპეციალური მმართველობის რეჟიმის შემოღების შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარემოს მდგომარეობა რადიკალურად დამძიმდა და ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაციაა შექმნილი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის შეყვანის შემდეგ, გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აღარ იკვლევს და დარღვევებზე არ რეაგირებს.

ვრცლად ნახეთ mtisambebi.ge-ზე