ივანიშვილის მიზანია, ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ - ირაკლი კუპრაძე
ივანიშვილის და „ოცნების“ მიზანია, რომ ვერ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ - ასე ეხმიანება "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ცესკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ ახალი უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვებას აზრი არ აქვს.
კუპრაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს არ გააჩნია კანონისმიერი ლეგიტიმაცია უკვე ერთ წელზე მეტია და შესაბამისად, ის ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესებს, რაც არის გამოხატული ძალიან მარტივ ფორმულირებაში: ივანიშვილის და „ოცნების“ მიზანია, რომ ვერ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ. იუსტიციის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით, მათ მოუწევთ მძიმე პასუხისმგებლობის აღება იმ მოქალაქეებთან, რომელთაც ეუბნებიან, რომ მათ არ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ საკუთარი სამშობლოს მომავალი, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.