EU-ს დროშის დაწვის კამპანია - ოპოზიცია "ქართული ოცნების" კვალს ხედავს

20.12.23 17:27
EU-ს დროშის დაწვის კამპანია - ოპოზიცია "ქართული ოცნების" კვალს ხედავს

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ანტდასავლური კამპანიის უკან "ქართული ოცნება" დგას. "ლელო-საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს დილიდან ევროკავშირის დროშას წვავენ, "ქართული ოცნების" დავალებების შემსრულებლები არიან:

კამპანიის შინაარსი არის ცხადია, ანტიდასავლური. ამის უკან დგას, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება". მე შემიძლია გითხრათ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავი თავყრილობა იმართებოდა რუსთაველზე, იქ მათ შორის იგივე ხალხი იყო მოსული, ვინც ამ დროშას წვავს, ასე რომ, როცა "ქართული ოცნება" დაავალებს დროშას წვავენ და როცა "ქართული ოცნება" დაავალებს დროშას აფრიალებენ", - აღნიშნა სამადაშვილმა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პრორუსი რადიკალების დაუსჯელობაზე ამახვილებს ყურადღებას. თინა ბოკუჩავას თქმით, აგრესიული, ანტიდასავლური და ანტიევროპული ჯგუფები სარგებლობენ ხელისუფლების მხარდაჭერით: 

ბუნებრივია, 5-6 ივლისის მოძალადეების დაუსჯელობა არის ერთ-ერთი სამხილი იმის, რომ ეს პრორუსული, აგრესიული, ანტიდასავლური და ანტიევროპული ჯგუფები სარგებლობენ ხელისუფლების მხარდაჭერით. არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ წახალისებულია, არამედ ხელისუფლების მიერ წარმოებულია. ეს არის ერთი და იგივე მონეტის ორი მხარე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

გახარიას გუნდის წევრებიც დარწმუნებულები არიან, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა კვლავ გაგრძელდება და მმართველი ძალა აგრესიულ პრორუსებს ქუჩაში კვლავ გამოიყვანს: 

ვერანაირი დროშის დაწვა, ვერანაირი ბრაზი ამ ფაქტის და ამ მოვლენის მიმართ ვერ შეცვლის იმ ჭეშმარიტებას რასაც ჰქვია ის, რომ ამ ქვეყნის უალტერნატივო მომავალი იქნება ევროპულ ოჯახში სრული გაწევრიანება და შემდეგ უკვე ნატოში სრულფასოვანი ალიანსი. თქვენ თუ გგონიათ, "ოცნება" ამ ადამიანების ნაწილს არ შეეცდება, რომ პერიოდულად თავი გამოაყოფინოს, მე ასეთი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს", - აღნიშნა ბუჩუკურმა.

"ევროოპტიმისტები" კონსტიტუციის დარღვევაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" აგრესიულ ჯგუფს წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო წაახალისებს. 

ეს არის არა მხოლოდ ანტიდასავლური ტენდენციების წახალისება "ქართული ოცნების" მხრიდან, არამედ ეს არის კონსტიტუციის დარღვევაც. ვინაიდან, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება არის ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული და თვალის დახუჭვა და წაყრუება იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, წინა საარჩევნოდ ასეთი პრორუსული ჯგუფების წახალისება მოხდება "ქართული ოცნების" მხრიდან", - განაცხადა გოცირიძემ.

დაკავებულია პრორუსული დაჯგუფების წევრი, რომელმაც მცხეთის გამგეობის  შენობაზე აღმართული  ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა დაწვა. ლაშა შარუხია  ადმინისტრაციულ შენობაზე თავდასხმის  ბრალდებით პროკურატურამ დააკავა და  ციხეში 6 წლიანი მუხლით გაუშვეს.

 მისმა მხარდამჭერმა  პრორუსებმა კი ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ ახლი კამპანია დაიწყეს - ევროკავშირის დროშებს "ალტ-ინფოს" წევრები  დემონსტრაციულად  წვავენ, ვიდეოებს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. რადიკალური დაჯგუფების წევრები ამ კამპანიით   შამუხიას გათავისუფლებას  ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  კი ისევ არეულობით  იმუქრებიან.