ხელისუფლება საზღვარგარეთ ვერ იყენებს გაყალბების ინსტრუმენტებს, ამიტომაც პირწმინდად აგებენ არჩევნებს - ბოკუჩავა
ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ემიგრანტებისთვის არჩევნებში ხმის დაფიქსირების საშუალების მიცემა არ აწყობთ, რადგან მთავრობა საზღვრებსგარეთ ვერ იყენებს "მუქარის, შანტაჟისა და გაყალბების ინსტრუმენტებს".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით პარლამენტში დევს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითხოვს ელექტრონული არჩევნების შესაძლებლობას ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. დაახლოებით 7 ათას საქართველოს მოქალაქეზეა საუბარი, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ საარჩევნო უფლება და ჩვენ ვითხოვთ ამ საარჩევნო უფლების აღდგენას. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ სურს ამ ინიციატივის მიღება, რადგან ხელისუფლება იქ, სადაც ვერ იყენებს ზეწოლის, შანტაჟის, მუქარის და გაყალბების ინსტრუმენტებს, ანუ ქვეყნის საზღვრის გარეთ ყოველთვის პირწმინდად აგებს არჩევნებს", - აღნიშნა ბოკუჩავამ.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ემიგრანტების ხმის უფლების წართმევაშია ბრალდებული - უწყება უარს ამბობს იმ ქალაქებში უბნების გახსნაზე, სადაც ემიგრანტები დიდი რაოდენობით იმყოფებიან, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ.
გადაწყვეტილება საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეს გაასაჯაროვა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ "ოცნებას" არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა არ აწყობს, რადგან იციან, რომ მათი მხარდაჭერა არ გააჩნიათ.