ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების დაყოფა ხელოვნურია და დროს ვერ გაუძლებს, ჩვენ აუცილებლად ერთად ვიქნებით - პრეზიდენტი
ქალაქ ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლი გაიხსნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულნი იქნებიან იურისტები აფხაზეთიდანაც - ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, ენგურის ხიდის მეორე მხარეს ასევე არიან ფუნდამენტური უფლებების მქონე ადამიანები, რომელთა თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ხოლო საზღვართან ახლოს არსებული გამყოფი ზოლი ქართველებსა და აფხაზებს კი არა ყოფს ერთმანეთისგან, არამედ აერთიანებს.
ამ სახლის, ამ ფილიალის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, აქ სწორედ იმ არარსებულ საზღვართან ახლოს, რომელიც არ გვყოფს, გვაერთიანებს. ამიტომ არ შეიძლება ჩვენი დაყოფა, ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს და ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით, როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს. და ყველაზე უფრო ჩვენ გვტკივა დღეს ის, რომ ხიდის მეორე მხარეს არ არის გაზიარებული ადამიანის ის ელემენტარული უფლებები, რომელიც ქმნის ცივილიზებულ ქვეყანას და რომელიც ჩვენ არ შეგვიძლია, რომ შევეგუოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი არ სარგებლობდნენ ამ ელემენტარული უფლებებით. ამ უფლებების დაცვაც თქვენ გევალებათ. ეს არის სამართლიანი სახელმწიფო და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვისწრაფოდეთ ამ სამართლიანი სახელმწიფოსკენ და მე ვარ დარწმუნებული, რომ ყველა აქ მყოფი და არამხოლოდ აქ მყოფი, ისინი, ვინც იქიდანაც გვისმენენ, არიან მოწადინებულნი, რომ ჩვენ ეს შევასრულოთ მშვიდობიანად, ერთიანად და ეს არის ჩვენი ერთიანი ევროპული მომავალი, რომელსაც ჩვენ ვუხსნით იმ ხიდიდან გადმოსულებს ასევე და იქ სადაც არიან, რადგან ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქეთკენ უნდა გადმოხვიდე იმისთვის, რომ ისარგებლო ამ პერსპექტივით, რასაც ევროპა გვიხსნის დღეს და ხვალ კიდევ მეტად. ძალიან დიდი მადლობა ყველას", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.