საოკუპაციო რეჟიმი ბიჭვინთის აგარაკებს სავარაუდოდ პუტინს ახალ წლამდე აჩუქებს - საქართველოს ხელისუფლება დუმს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 28 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკების ბედი გადაწყდება.
სავარაუდოდ წლის ბოლომდე საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მიტაცებულ მიწებს პუტინს აჩუქებს.
ირკვევა, რომ ბიჭვინთის აგარაკების საკითხი, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა უნდა განიხილოს. სხდომა სავარაუდოდ ხმაურის და სახალხო პროტესტის ფონზე ჩაივლის, რადგან 200 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს აფხაზური საზოგადოებაც.
მოდით, ეკონომიკურ-სამართლებრივი შედეგებით ვიმსჯელოთ. დავუშვათ, თქვენ ხომ გესმით, ამ დოკუმენტის მიღების და რატიფიცირების შემდეგ, გავიდა 49 წელი და სრულიად გასაგებია, რომ რუსეთის ფედერაცია მიწის ამ მონაკვეთს იმიტომ არ იძენს, რომ იქ ბოსტანი გააშენოს. იქ საინჟინრო კომუნიკაციებს ჩადებენ, ააშენებენ კაპიტალურ შენობა-ნაგებობებს, თქვენ ხომ მეთანხმებით ამაში? დავუშვათ, ჰიპოთეზურად, 49 წლის შემდეგ, შემდეგ, ჩვენ უფრო ნიჭიერი თაობა გაგვეზარდა, ისეთი უნიჭოები კი არა, როგორიც ახლა ჩვენ ვართ, როცა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ მიწის ეს ნაკვეთი, რომელიც შეიცავს უზარმაზარ პოტენციალს განვითარებისთვის, და არის ერთ-ერთი საუკეთესო შავი ზღვის სანაპიროზე, გადაწყვიტეს დაიბრუნონ .
დაბრუნების შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ფაქტობრივად კომპენსაციის გადახდა არა მხოლოდ მიწის ნაკვეთისთვის, არამედ რუსეთის ფედერაციის მიერ იქ ჩადებული თანხების მოცულობით. მილიონობით დოლარის დაბრუნება შეიძლება მოგვიწიოს"- აცხადებენ ისინი.