რუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების დატაცება - პაატა დავითაია "ოცნების" ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს

21.12.23 11:46
რუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების დატაცება - პაატა დავითაია "ოცნების" ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს

ბიჭვინთის აგარაკების ბედი - "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. პაატა დავითაიას თქმით,  სეპარატისტთა პარლამენტი და რუსეთის ფედერაცია საქართველოს ქონების დატაცებას ეწევა, რაც განგაშის სიგნალის ჩართვის მიზეზი უნდა იყოს. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ  საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს და რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცების გამო გამოძიების დაწყება უნდა მოითხოვოს: 

ის ქმედებები, რა ქმედებებსაც ახორციელებს დღეს სეპარატისტთა პარლამენტი და რუსეთის ფედერაცია, არის საქართველოს ქონების დატაცება. ეს არის ანექსიის ნიშნები, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იტაცებს რუსეთი საქართველოს კუთვნილ ქონებას ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით და ეს უნდა გახდეს გამოძიების საკითხი, რადგან მომავალში ყველა ის ადამიანი, ვინც არის ამით დაკავებული, პასუხი უნდა აგოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით", - აღნიშნა დავითაიამ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 28 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკების ბედი გადაწყდება. 

 სავარაუდოდ წლის ბოლომდე საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მიტაცებულ მიწებს პუტინს აჩუქებს. 

უფრო კონკრეტულად, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო მდებარე 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადაცემაზე შეთანხმება რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას შორის 2022 წლის იანვარში მოსკოვში შედგა, თუმცა პროცესები მაშინ აფხაზური საზოგადოების გამოსვლებმა დროებით შეაჩერა.