მაჭარაშვილი ვერ ამბობს, უნდა დაისაჯონ თუ არა EU-ს დროშის დაწვაში მხილებული რადიკალები
საპარლამენტო უმრავლესობაში ვერ ამბობენ, უნდა დაისაჯონ თუ არა ევროკავშირის დროშის დაწვაში მხილებული ადამიანები. "ხალხის ძალის" ლიდერს დღეს კანონდარღვევაზე თვალის დახუჭვა გაუჭირდა, თუმცა გურამ მაჭარაშვილმა პრორუსულად განწყობილი ადამიანების დასჯის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვაზე უარი განაცხადა.
დროშის დაწვა ეს არ არის მიღებული გამოხატვის თავისუფლების ფორმატში. შესაბამისად არ არის ეს სწორი, არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ ისედაც არ არის სწორი რომელიმე ქვეყნის ან გაერთიანების დროშა დაწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მე არაფერს არ მოვუწოდებ, კარგად იცის რა უნდა გააკეთოს. ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არ არის ის ფორმატი, რითაც შეგიძლია შენი პროტესტი გამოხატო", - ამბობს მაჭარაშვილი.
ამ დრომდე უცნობია, დაიბარა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომელიმე ადამიანი გამოკითხვაზე, ვინც ევროკავშირის დროშა საჯაროდ დაწვა და დემონსტრაციულად ვიდეოც გადაიღო.
პრორუსი რადიკალები მასობრივი არეულობით იმუქრებიან. კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთ კვირაში ალტ-ინფომ ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყო. წვავენ დემონსტრაციულად, ამ დანაშაულს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამბობენ, რომ დროშების დაწვა მხოლოდ დასაწყისია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება უფრო რადიკალურ ზომებზე გადავლენ.
ალტ-ინფოს წევრები ლაშა შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კამპანია თვითორგანიზებულია და სოლიდარობას უცხადებენ მათ თანამებრძოლს, რომელიც პატიმრობაშია.