პრეზიდენტის გზავნილი შეიძლება, ასე წავიკითხოთ, რომ დიახ, ხელისუფლების ცვლილების დროა - ნაცვლიშვილი

21.12.23 15:26
პრეზიდენტის გზავნილი შეიძლება, ასე წავიკითხოთ, რომ დიახ, ხელისუფლების ცვლილების დროა - ნაცვლიშვილი

ეს შეიძლება, ასე წავიკითხოთ, რომ დიახ, ხელისუფლების ცვლილების დროა - ასეთი გზავნილი ამოიკითხა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში გაკეთებული განცხადებიდან.

ნაცვლიშვილს არ ჰგონია, პრეზიდენტმა არ იცოდეს, თუ რა არის ჩვენს ქვეყანაში  სასამართლო რეფორმის დამაბრკოლებელი მთავარი საკითხი.

მე არ მგონია, ვერ დავიჯერებ, რომ პრეზიდენტმა არ იცოდეს, რომ სასამართლო რეფორმის დამაბრკოლებელი მთავარი საკითხი აქამდე იყო პოლიტიკური ნება. შესაბამისად, მისი გზავნილი შეიძლება ასე წავიკითხოთ, რომ დიახ, ხელისუფლების ცვლილების დროა, რის გარეშეც სასამართლო რეფორმა, უბრალოდ, ვერ შესრულდება", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

2024 წელი სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს გათავისუფლების წლად გამოაცხადა. პრეზიდენტმა სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაზე ზუგდიდში, მართლმსაჯულების სახლის გახსნაზე ილაპარაკა.

ზურაბიშვილმა  "ქართულ ოცნებაზე" იერიშისთვის ისევ ალეგორიების გზა აირჩია, თქვა რომ როდესაც თავისუფალ სასამართლოს ხალხს ართმევენ, ასეთ შემთხვევებში პროცესები ქუჩაში გადადის. იყო პარალელები საბჭოთა კავშირთან, როდესაც კომუნისტური რეჟიმი ხალხს უსამართლობას აჩვევდა. ფაქტია, საბჭოთა წარსულის გახსენება სალომე ზურაბიშვილისგან, მხოლოდ ისტორიის გაკვეთლები არ ყოფილა და ყველა სიტყვას მისი ადრესატი ჰყავდა.