ბოდიში 15 წლის შემდეგ - მეთიუ ბრაიზა აგვისტოს ომის ახალ დეტალებზე
ბოდიში 15 წლის შემდეგ - ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ აგვისტოს ომის აქამდე უთქმელი ამბები გაამჟღავნა. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრას აგვისტოს ომამდე 4 წლით ადრე გეგმავდა. ამის შესახებ მეთიუ ბრაიზამ "იუთუბზე", პოლიტოლოგ გელა ვასაძის გადაცემაში - Новости Кавказа განაცხადა.
შეერთხებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი იხსენებს სატელეფონო საუბროებს ზურაბ ჟვანიასთან, მაშინდელი პრემიერი შტატებს აფრთხილებდა, რომ როკის გვირაბში რუსული ჯავშან-ტენქიკა გადაადგილდებოდა. შტატებმა და ევროპამ რუსული ზრახვების არ დაიჯერა და ეს არის დიდი შეცდომა - ამბობს ბრაიზა.
მისი თქმით, არც ევროპას და არც ამერიკას არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ომის დაწყების რეალური საფრთხე არსებობდა.
მეთიუ ბრაიზა ასევე იხსენებს როგორ დასახეს ოპერატიული გეგმა, თუ როგორ შეემცირებინათ კოდორის ხეობასა და მის მიმდებარედ დაძაბულობის დონე, თუმცა გერმანიის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან შტაინმეიერთან გამართულ შეხვედრის შემდეგ გეგმა შეიცვალა, "იმისათვის რომ რუსეთი არ გაბრაზებულიყო."
საქართველოს მხარდაჭერა, რომ ის ნატოს წევრი გამხდარიყო, იყო პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკა, მისი განსაკუთრებული პოლიტიკა. რაც შეეხება ომს, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა - საქმე ის არის, რომ რუსეთს უნდოდა ამ ომის პროვოცირება, რუსეთი ამ ომისთვის ემზადებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. მე მახსოვს, 2004 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა ზურაბ ჟვანიამ დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსული ჯავშანტექნიკა და ტანკები როკის გვირაბის გავლით გადმოვიდოდნენ სამხრეთ ოსეთში, ჯავის რაიონში და მან გვთხოვა დახმარება - გაგვერკვია, რა ხდებოდა. ანუ ინტერვენციამდე 4 წლით ადრე რუსეთი უკვე ემზადებოდა. ვაშინგტონისა და ევროპელი პარტნიორების შეცდომა იყო ის, რომ ვერ იჯერებდნენ - რუსეთს თუ შეეძლო ომის დაწყება საქართველოს ტერიტორიაზე. მე მქონდა დავალება, რომ დამემშვიდებინა პრეზიდენტი სააკაშვილი. მახსოვს, გერმანიაში ვიყავით. იყვნენ ელჩები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ერთ საღამოს მათ ვუთხარი, - იცით, თუ ჩვენ ეხლა რეაგირება არ გვექნება იმაზე, რასაც რუსეთი გააკეთებს, ჩვენ ვიქნებით დამნაშავეები ომში, იმიტომ, რომ ომი აუცილებლად იქნება-თქო. ერთმა ადამიანმა ამ ჯგუფიდან ცალკე, პირისპირ მთხოვა გასაუბრება და მითხრა: "მეთ, შეიშალე? რუსეთი არ აპირებს ომს საქართველოში". "ჩემო მეგობარო, კი, რუსეთი ნამდვილად აპირებს ომს", - ვუპასუხე. ჩვენ დავუშვით უდიდესი შეცდომა. შეცდომა იყო ის, რომ რეაგირება არ მოვახდინეთ, ინფორმაცია არსებობდა, ნიშნებიც იყო, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა დაგვეჯერებინა. ეს იყო საშინელი შეცდომა, ბოდიშს ვიხდი.
შტაინმაიერი მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მე არასდროს დამავიწყდება, ჩვენ ვაშინგტონში როგორ დავწერეთ ოპერატიული გეგმა იმისათვის რომ კოდორის ხეობასა და მის მიმდებარედ შეგვემცირებინა დაძაბულობის დონე. ეს ნიშნავდა რომ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მონაწილეობა უნდა მიეროთ კოდორის ხეობაში ისეთ აქციებში, მე მხედველობაში არ მაქვს პოლიცია, ევროკავშირი მაქვს მხედველობაში, რომ რუსეთს არ შეძლებოდა კოდორზე თავდასხმა. იყო სხვა ნაბიჯებიც გათვალისწინებული, იმისათვის რომ დაერწმუნებინათ სეპარატისტები ქართული მხარის კეთილ ნებაში და ა.შ. მე ჩავედი ბერლინში, ამის შესახებ ვესაუბრე კოლეგებს ინგლისიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან. ჩვენ შევხვდით შტაინმაიერს. მან თქვა - კარგი. საინტერესოა, მადლობა ამ გეგმისთვის და აიღო ეს გეგმა და საერთოდ შეცვალა, იმისათვის რომ რუსეთი არ გაბრაზებულიყო. ახლა ის ხვდება, რომ ეს უზარმაზარი შეცდომა იყო, მაგრამ... ახლა ის ხვდება, ყველა ხვდება, რომ შეცდომა იყო, ორბანის გარდა, სავარაუდოდ," - ამბობს მეთიუ ბრაიზა.