EU-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში უნდა დავინახოთ, რა არის ის სიკეთეები, რასაც მიიღებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები - მიქელაძე
"ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში უნდა დავინახოთ, რა არის ის სიკეთეები, რომლებსაც მიიღებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები" - ეს განცხადება „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ გააკეთა.
"რეაქციაში" მიქელაძე გამოსვლის გზებზე საუბრობს, როგორ შეიძლება მოგვარდეს ოკუპაციის პრობლემა და როგორ უნდა ესაუბროს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გამოიწვევს იმას, რომ საქართველოსთვის მშვიდობის იდეა გახდება მთავარი პოლიტიკური იდეა, იმიტომ, რომ ეს არის ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი.
ამავდროულად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ბუნებრივია, რომ ეს არის მათი იდენტყობის დაცვის საკითხი და ის, რომ მათ მაღალი ხარისხით ავტონომიურობა უნდა შეინარჩუნონ ამ ტერიტორიაზე ცალკეული საკითხების გადაწყვეტილების დროს.
ვართ თუ არა მზად, რომ ამ შიშებს, მოლოდინებს, საფრთხეების განცდას, ან გაურკვევლობას ვუპასუხოთ და მზად ვიყოთ, რომ გაბედული პასუხები გავცეთ მათ წუხილებზე, მგონია, რომ ასეთი გაბედულება აქეთ არ არის, ამას პოლიტიკური პოლარიზაციაც ხელს უშლის, ხელს უშლის ის, რომ ჩვენი საზოგადოებაში ამაზე დისკუსიები და სოციალური შეთანხმებები ძალიან დაბალია.
ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში უნდა დავინახოთ რა არის ის სიკეთეები, რომლებსაც მიიღებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები და როგორ შეიძლება რაღაც ტიპის ალტერნატივებში მნიშვნელოვნად დავინახოთ ევროკავშირის როლი. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ ამ პროცესებმა არ მიიღოს არაფორმალური, კორუფციული, პრობლემური ხასიათი მით უფრო, როცა ბევრი კითხვაა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე,“ - ამბობს თამთა მიქელაძე.