შევქმენით ეს სამსახური, მექანიზმი არსებობს, ის მუშაობს, ასე, რომ მისი გადახედვა არ იგეგმება - თალაკვაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე
"ჩვენ უკვე შევქმენით ეს სამსახური, მექანიზმი არსებობს, ის მუშაობს, ასე რომ უახლოეს მომავალში მისი გადახედვა არ იგეგმება," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ანტიკორუფციულ სააგენტოსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შეფასებისას აკეთებს.
თალაკვაძე პირდაპირ ამბობს, რომ მწვავე შეფასების მიუხედავად, ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით ცვლილებების გატარება არ იგეგმება.
ევრორეკომენდაციების შესაბამისად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც არის ძალიან აქტიური დღესდღეობით. უტრირებულია ეს ინტერპრეტაცია, რომ მრავალი კითხვა არის - არ არის მრავალი კითხვა, არის ერთი რეკომენდაცია, რომელიც ხელმძღვანელის დანიშვნას უკავშირდება. საქართველოს აქვს ამ კუთხით იგივე პრაქტიკა, რაც აპრობირებულია ევროკავშირის მასშტაბით.
(ჟურნალისტის კითხვა: არ გაითვალისწინებთ რეკომენდაციებს?) ჩვენ უკვე შევქმენით ეს სამსახური, მექანიზმი არსებობს, ის მუშაობს, ასე რომ უახლოეს მომავალში მისი გადახედვა არ იგეგმება.
პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სპეკულაციური კამპანია, ეს იყო პოლიტიკური თავდასხმა და მართული იყო იმ ოპოზიციური ჯგუფების და მათ უკან მდგარი ფინანსური ჯგუფების მიერ, რომლებსაც პირდაპირი ინტერესი აქვს რომ დააზიანონ ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრს აქვს დეკლარირებული თავისი შემოსავლები, ქონება," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.