ღარიბაშვილის სადავო დეკლარაცია, სავარაუდო კორუფციული დანაშაულები - რაჟდენ კუპრაშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა

22.12.23 15:21
ღარიბაშვილის სადავო დეკლარაცია, სავარაუდო კორუფციული დანაშაულები - რაჟდენ კუპრაშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა

რაჟდენ კუპრაშვილი კითხვებს გაექცა - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საკუთარი პრეზენტაციიდან ისე წავიდა, რომ მოშორებით გამოკეტილ ჟურნალისტებთან ახლოსაც კი არ ჩაუვლია.

რა გააკეთა ერთი წლის განმავლობაში პრემიერს დაქვემდებარებულმა უწყებამ - კუპრაშვილის დღევანდელი გამოსვლაა კონკრეტიკისგან დაცლილი იყო. მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელლს არცერთი სიტყვა უთქვამს ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სადავო დეკლარაციაზე, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეები სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შესახებ.

მისი გამოსვლიდან მხოლოდ ის გაირკვა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანაელი ამაყობს 109 გამოწერილი ჯარიმის ქვითრით, რომლითაც საჯარო მოხელეები დასაჯეს. 

მიმდინარე წლის განმავლობაში შემოწმებას დაექვემდებარა 720 თანამდებობის პირი, მათ შორის მაღალი რანგის თანამდებობის პირები. მონიტორინგის პროცესი დასრულებულია 500 პირზე, მათგან დაჯარიმებულია 109 თანამდებობის პირი, გარდა ამისა, 220 თანამდებობის პირის მიმართ მიმდინარეობს დეკლარაციის მონიტორინგი როგორც დეკლარაციის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის კანონთან შესაბამისობის კუთხით, ასევე ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის მიმართულებით. ამასთან ბიურო უზრუნველყოფს მონიტორინგის შედეგების საჯაროდ ხელმისაწვდომობას.  
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფარგლებში 2023 წელს შემოწმებული იქნა 11 პოლიტიკური პარტიისთვის შემწირველის - 393 ფიზიკური პირის განხორცილებული შეწირულობის ფაქტი. განხორციელდა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი 93 დეკლარაციის და 7 საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშების შემოწმება. გამოვლინდა 11 პოლიტიკური პარტიის მიერ 13 სამართალდარღვევა, საიდანაც 7 საქმეზე დაჯარიმდა პარტია, ერთ საქმეზე გაფრთხილება მიეცა, 4 საქმეზე გამოცხადდა შენიშვნა, ხოლო ერთი საქმე შეწყდა,“ - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.