ცვლილებები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში - ვინ დარჩა და ვინ გაუშვეს პოლიტსაბჭოდან

22.12.23 15:15
ცვლილებები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში - ვინ დარჩა და ვინ გაუშვეს პოლიტსაბჭოდან

"ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს შემადგენლობას აახლებს. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. კობახიძის თქმით, პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა მცირდება და შემადგენლობა 20-ის ნაცვლად 15 წევრი იქნება. ეს გადაწყვეტილება კი პარტიის ყრილობაზე გაფორმდება. 

„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე.

პოლიტსაბჭოს წევრები აღარ იქნებიან კახა კუჭავა, ეკატერინე ტიკარაძე - როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, პირებს, ვინც აღარ იქნებიან პოლიტსაბჭოში ინფორმაცია სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიაწოდეს.

ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე გაახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. პარტიის წესდებაში გახორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტსაბჭოში აირჩევა 15 წევრი ნაცვლად მანამდე გასაზღვრული 20 წევრისა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტსაბჭოს შემდეგი შემადგენლობა: ირაკლი ღარიბაშილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭირიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. ყრილობის გამართის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ, - თქვა ირაკლი კობახიძემ.