არ მინდა და არ გპასუხობთ - ხინჩეგაშვილი, გინტურის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, მოსკოვში ვიზიტზე

22.12.23 16:21
არ მინდა და არ გპასუხობთ - ხინჩეგაშვილი, გინტურის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, მოსკოვში ვიზიტზე

"არ მინდა და არ გპასუხობთ" - ასე პასუხობს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარს არ აპირებს და არც მსგავს კითხვებს უპასუხებს.

"სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე. არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ. თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს.  პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემ შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდეგ. არ ვუპასუხებ ამ კითხვებს" - ამბობს გორის მერი.

ტვ პირველის" ინფორმაციით, გორის მაღალჩინოსანი რუსეთის დედაქალაქში ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ანატოლი ავაზნელის 500  კაციანი დაბადების დღის სტუმარი იყო.

ხინჩეგაშვილთან ერთად წვეულებაზე უკრაინისა და ამერიკის მიერ დასანქცირებული ბიზნესმენები იყვნენ. მათ შორის გორის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრი  ვახტანგ კარიჭაშვილიც

კარიჭაშვილის მოსკოვში ჩასვლას ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე, გორის მერის შესახებ დასმულ კითხვებს კი გაურბის. ხინჩეგაშვილის სკანდალურ ვიზიტზე  ინფორმაცია აქვს ოპოზიციასაც. დეპუტატები გორის საკრებულოდან ყვებიან, რომ სპორტსმენი მერის მოსკოვში წასვლა გასაიდუმლოებული იყო. მერიის თანამშრომლებს დაევალათ, ფეისბუქზე პოსტები დაედოთ, რომ არავის გასჩენოდა ეჭვი ხინჩეგაშვილის საქართველოში არ ყოფნის შესახებ.