ბესელია: ივანიშვილს ესმის, რომ მეოთხე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება წარმოუდგენელი ამოცანაა, ამიტომ, ალბათ, სხვა ტიპის კოალიციაზე ფიქრობს
რას უკავშირდება "ქართულ ოცნებაში" დეკემბრის ბოლოს დანიშნული ყრილობა და პოლიტსაბჭოში ცვლილებები - "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ პარტიის ყრილობის ჩატარება გაცილებით დიდი მიზნები აქვს, ვიდრე პოლიტსაბჭოს წევრების ჩანაცვლებაა.
ეკა ბესელიას შეფასებით, როგორი იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სია, ეს ჯერ "ქართული ოცნების" წევრებმა არ იციან, რადგან გადაწყვეტილებას ისინი არ იღებენ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ბესელია თვლის, რომ პარტიის დამფუძნებლის ინტერესებში "ოცნების" წევრებთან ერთად გამოჩენა ჯერჯერობით, არ შედის. ბესელია პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, დიდი ალბათობით, სხვა კოალიციის შექმნაზე ფიქრობს, რადგან კარგად იცის, რომ მეოთხე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება მოქმედ ხელისუფლებას გაუჭირდება.
ყრილობა რომ იმიტომ არ ტარდება, რომ ან კუჭავა ან ქალბატონი ტიკარაძე გაიყვანონ პოლიტსაბჭოდან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის მთავარი ამბავი, ეს არის სათქმელი მედიისთვის.
მთავარი არის, მათ არც იციან, რა კონფიგურაცია შეიძლება დალაგდეს. მომავალში ვინ სად იქნება, მათ ჯერ არ იციან - ისიც კი არ იციან, დარჩებიან თუ არა საერთოდ სიაში, ამიტომ ახლა მათთვის არის ყველაზე გაუგებარი და ამოუცნობი პოლიტიკური მომავალი.
ივანიშვილს ეს ჯგუფი რომ არ სჭირდება მომავალში, საჯაროდ არ დაჭირდება მათთან ერთად გამოჩენა. მომავალი არჩევნები სულ სხვა ტიპის არჩევნებია და ეს შეიძლება არ ესმის ამ დარჩენილ ადამიანებს ოცნებაში, მაგრამ ივანიშვილს ნამდვილად ალბათ, ესმის კარგად, რომ მეოთხე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება წარმოუდგენელი ამოცანაა, ამიტომ სხვა ტიპის კოალიციაზე ფიქრობს, ალბათ, თუ ფიქრობს და ალბათ, შეხედავს, როგორი პოლიტიკური ველი იქნება, იმის მიხედვით ექნება რაღაც კონკრეტული გეგმები. ვნახოთ, ოპოზიცია როგორ დალაგდება, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორი სახე ექნება ოცნებას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.