ჩემი შვილი მეწყრის ზედაპირზე იპოვეს. სწრაფი რეაგირება რომ ყოფილიყო, იქნებ ცოცხალი ენახათ - შოვში დაღუპულის დედა
„ამ საქმეს არ მოვეშვები. შეგუებული ვარ, რომ გამოძიება ერთ და ორ თვეში ვერ დასრულდება, მაგრამ ეს საქმე თაროზე არ შემოიდება, ყველამ იცოდეს“, - ამ განცხადებას შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ია მერებაშვილი რადიო თავისუფლებასთან აკეთებს.
ია მერებაშვილმა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, შოვის საქმის გამოძიების კვალიფიკაციის დაზუსტება სტიქიიდან რამდენიმე დღეში მოითხოვა. ის ითხოვს გაირკვეს, მიატოვა თუ არა მისი შვილი სახელმწიფომ განსაცდელში და შეეძლო თუ არა მისი დახმარება ტრაგედიისას.
ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა ხდება, როგორ მიდის გამოძიება, შესაძლოა, უფრო ნაკლებად მქონოდა განცდა, რომ ეს საქმე თაროზე შემოიდება, მაგრამ გამოძიებას აშკარად აქვს კომუნიკაციის პრობლემა. ამ ხნის განმავლობაში ერთი ბრიფინგი არ გაუმართავთ.
მინდა ყველამ იცოდეს, ამ საქმეს თავს არ დავანებებ. ძალიან კარგი ადვოკატი მყავს, იცის ჩემი გამოკვეთილი პოზიციის შესახებ. სანამ პასუხს არ მივიღებ, არ დავანებებ თავს იმის ძიებას, რა მოხდა შოვში.
არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში, რამდენად სწორად გამოიკვეთება, ან საერთოდ გამოიკვეთება თუ არა პასუხისმგებელი პირი ან პირები, მაგრამ შეგუებული ვარ აზრს, რომ ამ საქმის გამოსაძიებლად ერთი და ორი თვე ნამდვილად არ იქნება საკმარისი, თუმცა, ერთი რამ ვიცი, მე პასუხი უნდა მივიღო, რატომ მოკვდა ჩემი შვილი შოვში, რომელიც იქ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდა," - ამბობს მერებაშვილი.
მერებაშვილის თქმით, ძალიან ბევრი კითხვა აქვს სახელმწიფოსთან.
კითხვები ბევრი მაქვს. მაგალითად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოვში, კოტეჯების ტერიტორიის დასაცავად, ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა გამაგრებულიყო მდინარის კალაპოტი, გაკეთებულიყო ჯებირები, მაგრამ რეალურად, არაფერი გაკეთებულა. რატომ? ამაზე პასუხი არ არის.
ასევე, არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ არსებობდა და არ არსებობს შოვში წინასწარი შეტყობინების სისტემა? რომელიც, როგორც აღმოჩნდა, უნდა ყოფილიყო და ამისათვის თანხებიც იყო გამოყოფილი.
გარდა ამისა, სტიქიის ღამეს, შოვში რომ ჩავედი, ადგილობრივები ლაპარაკობდნენ, რომ მიუხედავად წვიმებისა, ორი დღით ადრე მდინარე დაშრა, ფაქტობრივად, გაქრა, ფაქტი იყო, რომ მდინარე რაღაცამ შეაჩერა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ნუთუ არავინ უნდა დაინტერესებულიყო ამ ფაქტით?
სტიქიის ღამეს, შოვში რომ მივდიოდით, მთელი გზა კომუნიკაცია მქონდა სამაშველო სამსახურთან, პასუხისმგებელ პირებთან. მათგან ვერანაირ პასუხს ვერ ვიღებდი, რას აკეთებდნენ, ვის ეძებდნენ და სად. იმიტომ, რომ იმ ღამით აღარავის ეძებდნენ, იმიტომ, რომ შემდეგ ითქვა, რომ იქ ვინც გადარჩა, გადარჩა. სხვების ძებნას აზრი აღარ ჰქონდა," - ამბობს მერებაშვილი.
მერებაშვილის თქმით, შვილის ცხედრის ამოცნობის შემდეგ მას უთხრეს, რომ ცხედარი მეწყრის ზედაპირთან ახლოს იყო, შესაბამისად, აქვს განცდა, რომ მისი შვილის გადარჩენა სტიქიის ღამეს შესაძლებელი იქნებოდა.
როგორც მითხრეს, დავითი მეწყრის ზედაპირთან ძალიან ახლოს ნახეს. ისე ახლოს იყო მისი ცხედარი, რომ ტექნიკის ჩარევა არც კი დასჭირვებიათ, ფაქტობრივად, ხელით ამოიყვანეს.
ხელისუფლებამ რომ თქვა, ვინც გადარჩა, გადარჩა და სხვების შველა შეუძლებელი იყოო, ისეთი სისასტიკე იყო ამის მოსმენა. პირველმა სტრესმა ცოტა რომ გადაიარა, გავაცნობიერე, რამდენად ახლოს იყო ჩემი შვილის სხეული მიწის ზედაპირზე და იქ რომ სწრაფი და დროული რეაგირება ყოფილიყო, ალბათობა იმისა, რომ ის ცოცხალი ენახათ, იქნებ არსებობდა.
ჩემი შვილი ისე დავკრძალეთ, რომ მას სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩასტარებია. დავითს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოტეხილობებიც ჰქონდა, სახეზეც ჰქონდა დაზიანება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, დავითი დაზიანებებისგან გარდაიცვალა თუ ასფიქსიით. დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს ცხედრის ექსპერტიზა. თუმცა, ის ისეთი აქცენტით და ფორმით შესთავაზეს ჩემს მეუღლეს, რომ ამაზე მაშინ უარი თქვა.
მიზეზი, რის გამოც ჩემმა მეუღლემ უარი თქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე, იყო ის, რომ აქცენტი გაკეთდა ფინანსურ ნაწილზე. მეც იქ ვიყავი, კარგად გავიგე. ახლობლებიც გვახლდნენ, მათაც იგივე გაიგეს.
ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუკი დავითს სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა, ექსპერტიზა დაგეხმარებათ ზიანის ანაზღაურებაშიო. ძალიან ითამაშეს მაშინ ჩვენს ემოციაზე. ასეთი საუბრების შემდეგ რომელი მშობელი დათანხმდება ექსპერტიზას? სულ არ მაინტერესებდა არანაირი ზიანის ანაზღაურება. იმაზე რომ გაკეთებულიყო აქცენტი, რომ ექსპერტიზა დავითის გარდაცვალების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარებოდა, ჩემი ქმარი თუ არა, მე ალბათ ვიტყოდი თანხმობას.
დაკრძალვიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ შემოგვთავაზეს ცხედრის ექსჰუმაცია, მაგრამ იმ დროისათვის ჩემი შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენა, ფაქტობრივად, უკვე შეუძლებელი იყო და ამიტომ ექსჰუმაციაზე უარი ვთქვით," - ამბობს სტიქიის შედეგად გარდაცვლილის დედა.