პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები - რას მალავს კულტურის სამინისტრო? (TI-ის განცხადება)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან კულტურის სამინისტრომ 722 642 ლარი დახარჯა, თუმცა უცნობია, რომელ კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები - განცხადებას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, უწყება ხარჯების დეტალებსა და კონტრაქტებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს.
მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან მილიონები გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშებით ვიგებთ, რომ მხოლოდ კულტურის სამინისტრომ 722,642 ლარი დახარჯა, თუმცა დეტალები სრულად გასაიდუმლოებულია.
უწყება არღვევს კანონს, უპასუხოდ ტოვებს ჟურნალისტების მოთხოვნებს და არ ასაჯაროებს, თუ რომელმა კომპანიებმა მიიღეს ეს თანხა.
ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს ყოფილი კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის ფაქტორი. მინისტრობამდე ის მრჩევლად მუშაობდა ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიაში (შპს „თიხარტი“), რომელსაც 3.8 მილიონი ლარის სახელმწიფო კონტრაქტები კონკურენციის გარეშე აქვს მიღებული.
ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ხომ არ გადაუხადა სამინისტრომ ფული ყოფილ მინისტრთან დაკავშირებულ კომპანიას? სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიღმა რჩება და კონკურენციას არ ითხოვს, რაც კორუფციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
საზოგადოებაში არსებული ეჭვების ფონზე სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დადებული ხელშეკრულება, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება ვრცლად იხილეთ აქ.
ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ეთერში გამართული დებატებისას თქვა, რომ დეტალურად გამოიკვლევს ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს.
"ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ პირველადი მონაცემებით, ფულის "გაწევა" არ დასტურდება.
„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობილია, რომ საქართველოს 141-ე პატრიარქის დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, [მოცემულ პერიოდში უწყებას თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა]. რუხაძე პოსტიდან 28 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გადადგა. განცხადებაში ეწერა, რომ მიზეზი „ჯანმრთელობა" იყო.
პატრიარქის დაკრძალვის დღეს გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დასვა.
ერთი კვირის წინ, კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კიკნაძემ არ უპასუხა კითხვას, რატომ არ პასუხობს მისი უწყება კორუფციის მკვლევარებს, 3 და 27 აგვისტოს გაგზავნილ არცერთ წერილზე. [ამ წერილებით ბესიკ დონაძემ სამინისტროდან სამივლინებო და პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები გამოითხოვა].
ამ კომენტარამდე 5 დღით ადრე, "ტვ პირველის" ახალი ამბების მიერ ჩაწერილ კომენტარში, თიკა რუხაძის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებდა, რომ რა დარღვევებიც უწყებაში აღმოაჩინეს, აუდიტის დასკვნაში ჩაწერეს.