21 მილიონით გაზრდილი ხარჯი საზმაუს ახალი შენობისთვის - რა კითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს
21 მილიონით გაზრდილი ხარჯი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობისთვის - მედიამენეჯერებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კითხვები აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ხელისუფლებასთან.
ნინო ჯანგირაშვილის თქმით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ხარჯებით, რომელიც საზმაუს ახალი შენობისთვის უჯდება.
ამდენ ხანს რატომ არავის გაუჩნდა კითხვა, მათ შორის პროკურატურას - რატომ ჯდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის 1 კვადრატულის აშენება 3 ათას 800 ლარი, რატომ ჯდება დეველოპერის ფასზე მაღალი ფასი - ვინმემ რატომ არ დასვა ეს კითხვა, როცა მათ მიწაც კი უფასო აქვთ. დეველოპერის ფასში შესულია ზემოგება, მიწის ღირებულება და ა.შ.,“ - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.
CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე პროექტთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის დაზუსტებას ითხოვს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ თანხა მხოლოდ შენობის ასაშენებლად არის გამოყოფილი.
90 მილიონი არის ახლა გათვალისწინებული პროექტისთვის, მიახლოებითი გაანგარიშებები რაც იყო 100 დოლარი კვ მეტრზე, დაზუსტებების გარეშე - ბუნებრივია, არის უამრავი კითხვა, სად წავა ეს ფული, რა გაკეთდება ამ ფულით იმის გათვალისწინებით, რომ არაფერი არ უნდა შეისყიდონ, უბრალოდ შენობა უნდა დადგან, ეს უკვე ტრაგედიაა, რომ ამდენი ხანია ეს თანხა ტრიალებს საზოგადოებრივ სივრცეში თითქოს ინფორმაცია არისა, რომ რაღაც უნდა გაყიდონ რაღაც უნდა იყიდონ, მაგრამ დეტალები არ ვიცით,“ - ამბობს გიორგი მელაძე.
მამუკა ანდღულაძე თვლის, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ხარჯებთან დაკავშირებით.
ეს არის საზოგადოების თანხა, ეს არის ყველას ჩვენი გადახდილი თანხა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს პლურალისტურ გარემოს. ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამწუხაროდ, პირველ რიგში, თვითონ ეწევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაციას და მხარს უბამს საქართველოს ხელისუფლებას. პროაქტიური კომუნიკაცია ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომავალი გეგმა, ხედვა, მაგრამ ზოგადად, თუ დავაკვირდებით, ერთი ცენტიც დახარჯული უნდა ემსახურებოდეს იდეას. ამიტომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ხელისუფლებამ კიდევ უნდა გაიაზროს მისი როლი და ფუნქცია,“ - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ახალ შენობას აშენებს, ინფლაციის გამო ხარჯი ბოლო სამ წელში 21 მილიონი ლარით გაეზარდა - ეს ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს წევრებს მიაწოდა არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა მიაწოდა.
სამეურვეო საბჭოს შეხვედრასა და ბერძენიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.