გადადეს იანვრამდე, იმიტომ, რომ იანვრისთვის არის მოლოდინი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების - ხიდაშელი ანაკლიაზე
"გადადეს იანვრამდე, იმიტომ, რომ იციან, რომ იანვრისთვის არის მოლოდინი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების," - ამ განცხადებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი აკეთებს.
როგორც ხიდაშელი ამბობს, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორს იანვარში გამოავლენენ, დაკავშირებულია საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავასთან, რადგან სწორედ იანვარში უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება, ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოს მიერ 2,85 მილიონის გამოყოფას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მსგავსი ხარჯები გაუგებარია.
2019-დან არცერთი ქვა არ გადაადგილებულ ანაკლიაში, აბსოლუტურად არაფერი არ მომხდარა, იმის შემდეგ, რაც ანაკლიის კონსორციუმი დაშალეს და ამერიკელი პარტნიორები, პირდაპირი მნიშვნელობით, გაყარეს საქართველოდან, ხოლო ქართველ პარტნიორებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, იქ არაფერი არ მომხდარა. ამასობაში რამდენიმე მილიონი ლარი გამოიყოფა ყოველწლიურად, რომელიც გაუგებარი მისამართით იხარჯება. იმ შემთხვევაში თუ წააგებს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო არბიტრაჟში საქმეს ანაკლიასთან დაკავშირებით, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერი თავდაყირა დადგება და ვერანაირ გადაწყვეტილებას ისინი ვერ მიიღებენ, ამიტომ რა თქმა უნდა, გადადეს იანვრამდე, იმიტომ, რომ იციან, რომ იანვრისთვის არის მოლოდინი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.