ივანიშვილმა დღეს არაფორმალური მმართველობა და ენმ-ის ჩართულობით 2024 წელს ცვლილებების მიმართ შიში საბოლოოდ დაადასტურა - ჯაფარიძე
"ივანიშვილმა დღეს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და ენმ-ის ჩართულობით 2024 წელს ცვლილებების მიმართ შიში საბოლოოდ დაადასტურა", - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგის დროს გააკეთა.
მისი თქმით, ქართველი ოლიგარქის პოლიტიკაში დაბრუნება ერთადერთ მიზანს, საქართველოს რუსიფიკაციას ემსახურება.
მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც აქამდე არაერთხელ მითქვამს და დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ დიახ, რუსი ოლიგარქი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა ქვეყანაში რუსული მართლმსაჯულება, ქვეყანაში რუსული გავლენების გაძლიერება, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების ბიზნესინტერესები საქართველოში, რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური პატიმრობა. მისი დავალებით და ხელშეწყობით საქართველო გახდა რუსული დასანქცირებული ტვირთების კორიდორი. ქართული ჯარი იკვებება რუსული საკვებით და საქართველოს ხელისუფლება ათობით მილიონობით ლარს იხდის რუსულ პროდუქციაში. დიახ, მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილი იყო და არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მისი პოლიტიკაში ღიად დაბრუნება არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდეს და მოხდეს ქვეყნის რუსიფიკაცია.
ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა ისეთ მნიშვნელოვან თარიღებზე როგორებიცაა, გავრილოვის ღამე, მარტის მოვლენები. ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ მილიონზე მეტ ჩვენი მოქალაქის ემიგრაციაში წასვლაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და მე მინდა ვუთხრა მას, ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას, ემიგრაციას", - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.