ოპოზიციას აქამდე შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით ნულს ქვემოთ ჩავიდა - მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, ოპოზიციას თუ აქამდე ნული შანსი ჰქონდა, ახლა შანსი ნულს ქვემოთ ჩამოიწია.
მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციისგან სპეკუპაციებს ელოდება იმასთან დაკავშირებით, რომ "ოცნებას" არჩევნებზე შეეშინდა და მისი თქმით, სწორედ ამას დაუკავშირებენ ოპონენტები ივანიშვილის დაბრუნებას.
„ოპოზიციას აქამდე შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით ნულს ქვემოთ თუკი რაიმე შეიძლება მინუსებში პროცენტები განვსაზღვროთ, იქ შეიძლება წავიდეთ. დარწმუნებული ვარ, სპეკულაციები იქნება, რომ შეეშინდა მმართველ გუნდს, მე ხომ არ ვიცი, არ მომისმენია [განცხადებები], თქვენ უკეთესად იცით ამის შესახებ. სპეკულაციები აუცილებლად იქნება, რომ [ბიძინა ივანიშვილი] გუნდს დაეხმარება, შეეშინდათ არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნებთან დაკავშირებით, პრობლემა საერთოდ არ არის. ეს მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა ვთქვათ. ამაზე ისაუბრა ბატონმა ბიძინამაც. როდესაც ოპოზიცია არ არსებობს და ასეთ დროს ჩნდება შიდა რისკები, უნდა გვახსოვდეს აუცილებლად, რომ უდიდესი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა. ერთი მიმართულებით მშვიდობა და სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპაციის გზაზე სწორი სიარული, ევროკავშირის გზაზე სწორი სიარული, ეს ყველაფერი ერთად არის რთული მისია, ერთად შესასრულებლად და აქ ბუნებრივია, მისი [ბიძინა ივანიშვილის] როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით არის საუბარი და არა იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცის შეეშინდა“, - განაცხადა მდინარაძემ.