უნდა დადგეს პოლიტიკური ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - დონაძე აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე
გაფლანგული ნახევარი მილიონი და აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა - კორუფციის მკვლევარები და ოპოზიცია სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილზე საუბრობენ, ასევე აყენებენ თეა წულუკიანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც, რადგან სწორედ კულტურის მინისტრის დაქვემდებარებაშია კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტო.
როდესაც აუდიტის სამსახური წერს, რომ იყო შეთანხმებული ქმედება, ეს იმას ნიშნავს, რომ დამკვეთმა და შემსრულებელმა შეთანხმებულად მოიპარეს ფული ბიუჯეტიდან. მეტს არაფერს არ ნიშნავს ეს ჩანაწერი. ხოლო, რაც შეეხება წულუკიანის პასუხისმგებლობას, წულუკიანის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დგება, გამომდინარე იქიდან, რომ მემკვიდრეობის სააგენტო არის მის დაქვემდებარებაში. დასკვნაში მოყვანილი ფაქტები, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი დადასტურებული კორუფციაა მემკვიდრეობის სააგენტოში. არარაციონალურად, არამიზნობირვად არის დახარჯული თანხები და შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმ თანამდებობის პირების, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე.
ნოქალაქევის რეაბილიტაცია, ოპერის რემონტი, გორის მუზეუმის რეაბილიტაცია - აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ პროექტების განხორციელების დროს იმაზე მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე საჭირო იყო. საუბარია გაფლანგულ ნახევარ მილიონზე. აუდიტის სამსახურმა დასკვნაში პირდაპირ ჩაწერა, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტომ რეაბილიტაციის დროს ფასები ხელოვნურად გაზარდა და კონტრაქტორ კომპანიებს იმაზე მეტი გადაუხადა, ვიდრე მათი მომსამხურება ღირდა. საჭიროზე მეტი ფული დახარჯეს არა მხოლოდ სარემონტო სამუშაობის დროს, არამედ პროექტირებისასაც.