ნოქალაქევის რეაბილიტაცია, ოპერის რემონტი, გორის მუზეუმის რეაბილიტაცია - გაფლანგულია ნახევარ მილიონზე მეტი
ნოქალაქევის რეაბილიტაცია, ოპერის რემონტი, გორის მუზეუმის რეაბილიტაცია - აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ პროექტების განხორციელების დროს იმაზე მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე საჭირო იყო.
უსაუბრია გაფლანგულ ნახევარ მილიონზე. შემოწმება აუდიტის სამსახურმა ჩაატარა - დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტომ რეაბილიტაციის დროს ფასები ხელოვნურად გაზარდა და კონტრაქტორ კომპანიებს იმაზე მეტი გადაუხადა ვიდრე მათი მომსახურება ღირდა. საჭიროზე მეტი ფული დახარჯეს არა მხოლოდ სარემონტო სამუშოების დროს, არამედ პროექტირებისას.
უფრო კონკრეტულად, ნოქალაქევის რეაბილიტაციაზე სამუშაოთა შემსრულებელთათვის ზედმეტად გადახდილია 277.8 ათასი ლარი, ოპერის შემთხვევაში - 228.4 ათასი. რაც შეეხება გორს, გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოებზე - 20.8 ათასი ლარია დაახრჯული.
tvpirveli.ge განცხადებას უცვლალად გთავაზობთ:
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 - 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბაზრის კვლევის და შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის ნაკლოვანებები
სააგენტო არ აწარმოებს ბაზრის სათანადო კვლევას, რამაც განაპირობა შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულებების არასწორად განსაზღვრა. შედეგად, უკონკურენტო პირობებში გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკი. საინჟინრო, არქიტექტურული და არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვებთან დაკავშირებით (როგორც ტენდერების და კონკურსების, ასევე შესყიდვის გამარტივებული საშუალების გამოყენების შემთხვევებში), ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დოკუმენტები. შესაბამისად უცნობია, რას ეფუძნებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები. არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვების სავარაუდო ღირებულებები განსაზღვრულია სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, რომლებსაც არ ახლავს ბაზრის კვლევის შედეგები და ღირებულებების რესურსული გაანგარიშებები. ტენდერების უმრავლესობაში მონაწილეობა მიღებული აქვს ერთ პრეტენდენტს და გამარჯვებული გამოვლენილია სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებებით, კონკრეტულად:
- შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც გაფორმდა ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტო პირობებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებები და შესაბამისად, საკონტრაქტო ფასები გაზრდილია 422.4 ათასი ლარით; ასევე ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა სააგენტოს მიერ წარმართულია არათანმიმდევრულად, რითაც წარმოიშვა ერთი და იმავე სახის მომსახურებების ორმაგად ანაზღაურების რისკი;
- უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების შესყიდვისას, სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არსებობდა 72.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის ნაკლოვანებები
სააგენტოს მხრიდან, პრეტენდენტების მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბებისას, ადგილი ჰქონდა არათანაბარ მიდგომას. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში სატენდერო პირობებით განსაზღვრული იყო ისეთი სახის მოთხოვნები, რომლებიც შესყიდვის ობიექტის თავისებურების და მოცულობის გათვალისწინებით, არ იყო კვალიფიკაციის დადასტურების პროპორციული. კერძოდ, ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს, პერსონალის გამოცდილებასთან ერთად, მოთხოვნილი იყო კომპანიის გამოცდილებაც მაშინ, როდესაც პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა მხოლოდ პერსონალის გამოცდილებას. ასევე, პერსონალის მიერ წარსადგენ CV-ებზე, დამატებით, მოთხოვნილი იყო არარელევანტური პირების ხელმოწერები. აღნიშნულმა შეზღუდა ერთი მხრივ, ტენდერებში პოტენციურ მიმწოდებელთა მონაწილეობა, ხოლო მეორე მხრივ, დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამარჯვება და შედეგად, 193.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაკლოვანებები
შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527.0 ათასი ლარი, მათ შორის:
ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - 277.8 ათასი ლარი;
ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე - 228.4 ათასი ლარი;
გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოებზე - 20.8 ათასი ლარი;
გარდა ამისა, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დამატებით გამოვლენილ იქნა ზედმეტად გადახდილი 5.1 ათასი ლარი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობისას დაბრუნებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები სრული სახით გამოვლინდა ნოქალაქევის კომპლექსის საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში. აღნიშნული გარემოება მიუთითებს შესყიდვების პროცესში მონაწილე პირთა შორის შეთანხმებული ქმედების რისკზე".