აუდიტის სკანდალური დასკვნა - ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი შეფის პირველი კომენტარი "პირველებთან"
სად და ვის ჯიბეში წავიდა ისტორიული ძეგლების და მუზეუმების რეაბილიტაციისთვის ზედმეტად გადახდილი ფული? ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი შეფი ნიკოლოზ ანთიძე მზად არის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდეს. აუდიტის სკანდალური დასკვნის შემდეგ, ნიკოლოზ ანთიძე პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს და ამტკიცებს, რომ ზედმეტი ფული ძეგლების რეაბილიტაციას მოხმარდა და არავის წაუღია, არადა აუდიტის სამსახურმა თანხების მითვისება ან გაფლანგვა დოკუმენტების შესწავლის შედეგად დაადგინა.
ასე დეტალური ინფორმაცია, სად, რა თანხა, რაზე იხდებოდა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ჩვენი თითოეული გადახდილი კაპიკი ზუსტად მიმართული იყო ძეგლის რეაბილიტაციისთვის. აუდიტმა რა გამოავლინა, მე ამაზე არ მაქვს პასუხი, მაგრამ დარმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამსახურის მუშაობის პროცესში თუ რაიმე თანხას ვიხდიდით, ვიხდიდით ზუსტად მიზნობრივად. თუ რაიმე კითხვები ექნებათ ნებისმიერ ადამიანს, მზად ვარ კითხვებს პასუხი გავცე, რაც, რა თქმა უნდა, ვიცი. მე ნამდვილად არ გავურბივარ არანაირ პასუხისმგებლობას, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე იმაში დარწმუნებული ვარ, რაც ძეგლთა დაცვაში კეთდებოდა და აბსოლუტურად გამჭვირვალედ და სწორად კეთდებოდა. საგამოძიებოში არ დავუბარებივარ არავის. თუ დამიბარებენ, რა თქმა უნდა, მზად ვარ თანამშრომლობისთვის", - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.
აუდიტის სკანდალური დასკვნა 2018-20 წლებს მოიცავს, სწორედ ამ პერიოდიში იყო პასუხისმგებელი პირი ძეგლთა დაცვის სააგენტოში ნიკოლოზ ანთიძე.
ნოქალაქევის რეაბილიტაცია, ოპერის რემონტი, გორის მუზეუმის რეაბილიტაცია - აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ პროექტების განხორციელების დროს იმაზე მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე საჭირო იყო.