როგორია გორში სანადირო თოფიდან დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა და რას ამბობს დაკავებულის ადვოკატი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დაჭრილი ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცხოველს, რომელსაც სანადირო თოფიდან გასროლილი ორი ტყვიით მიაყენეს დაზიანებები, ოპერაცია ჩაუტარდა.
შემოიყვანეს გამჭოლი ჭრილობით კისრის არეში, როგორც გავარკვიეთ, მეზობელმა ესროლა. მის სიცოცხლეს არ ემუქრებოდა საფრთხე. ჭრილობა დავუმუშავეთ, ჩაედგა დრენაჟი, რომ შიგნით ინფექცია არ წავიდეს და ახლა უტარდება ოპერაციის შემდგომი პროცედურები... ძაღლი ამ ეტაპზე კარგად გრძნობს თავს,“ - ამბობს ვეტერინარი.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ძაღლის მიმართულებით არ უსვრია და მიზანს მხოლოდ მისი დაშინება წარმოადგენდა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან წუხს მომხდარიდან გამომდინარე, რადგან მისი განზრახვა ნამდვილად არ ყოფილა ცხოველისთვის რაიმე ზიანის მიყენება და სასტიკი მოპყრობა. აღნიშნული შემთხვევა მოხდა ისეთ ვითარებაში, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღიდან გაისროლა ძაღლის შეშინების კუთხით, ვინაიდან იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზიანს აყენებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მეურნეობას და როგორც ჩანს, ტყვია ძაღლს მოხვდა ხიდან, ანასხლეტის სახით,“ - ამბობს ადვოკატი.
გორში ბოლო ორ დღეში ცხოველზე ძალადობის ორი შემთხვევა გამოაშკარავდა. სანადირო თოფიდან დაჭრის გარდა, დღეს ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ძაღლი ჯერ აწამეს და შემდეგ იარაღით მოკლეს.