თბილისის მერია სკანდალშია - "პირველების" ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიიდან ტექნიკა წერეთელზე გუშინ ღამით გაიყვანეს
თბილისის მერია სკანდალშია - "პირველების" ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის კომპანია "პარმადან" მძიმე ტექნიკა წერეთელზე გუშინ ღამით გაიყვანეს.
"პირველების" გადამღებმა ჯგუფმა მიაგნო სადგომს, სადაც კომპანია "პარმას" მძიმე ტექნიკა ჰყავს დაპარკინგებული, სადაც ადგილობრივი მუშა გვიამბობს, რომ სწორედ გუშინ ღამით დაიცალა კომპანიის სადგომი.
კომპანიის თანამშრომელი იმასაც ამბობს, რომ "პარმას" მფლობელი დავით ხიდაშელი ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია.
"ეს არის ტექნიკისთის გამოყოფილი ეზო, აქ ჩერდება მძიმე ტექნიკა. ძირითადი ნაწილი გაიყვანეს ტექნიკის და წერეთლის გამზირზე უკვე მუშაობენ. გუშინ ღამით დაიცალა აქაურობა მოულოდნელად. დიახ, დავით ხიდაშელი ბერა ივანიშვილის მეგობარია. ბევრ ტენდერებს იმიტომ იგებს, რომ ალბათ, კარგად მუშაობს კომპანია", - ამბობს "პარმას" თანამშრომელი.
არადა თბილისის მერის მოადგილე დღეს ამტკიცებდა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ჯერ კომპანია არ შეურჩევიათ და ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა"პირველებთან".
რაც შეეხება "პარმას" ოფისიდან ტექნიკის გაყვანას, ბენდელიანი ამბობს, რომ შეიძლება ეს მძიმე ტექნიკა სხვა კომპანიის მიერ იყოს ნაქირავები.
"გითხარით, რომ კომპანიები ჯერ არ შერჩეულა, შეიძლება ერთ საათში და დღის ბოლოს გვყავდეს, მაგრამ ჯერ არ გვყავს. ახლაც კი მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი. რომ გავაფორმებთ, თუ რომელიმე კომპანიასთან გექნებათ კითხვები, მობრძანდით და გაგცემთ პასუხს. შპს "პარმა" ადგილზე დაგვხვდათ, არ ვიცი რას გულისმხობთ, იქ შეიძლება სხვადასხვა კომპანიების ტექნიკები იყოს. თუ რომელიმე ტქენიკას, რომლიმე კომპანიის ბრენდირება აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს კომპანიაა კონტრაქტორი. შეიძლება, რომელიმე კომპანიას ნაქირავები ჰყავს სხვა კომპანიიდან ტექნიკა, კონტრაქტორი ჯერ არავინაა", - ამბობს ბენდელიანი.
ხალხი კი, ვინც უკვე დიდი ხანია გადათხრილ წერეთელს უყურებს, იქ ცხოვრობს ან იქ უწევს გადაადგილება, ამბობს, რომ გაუსაძლის და აუტანელ პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე შეუძლებელია.
დღეს 16 იანვარია, თვის ბოლომდე 15 დღეა დარჩენილი. სწორედ ორ კვირას აძლევს მერია ახალ კომპანიას იმისთვის, რომ ერთ წლიანი სატრანსპორტო კოლაფსი და მოქალაქეებისს ტანჯვა დაასრულოს.