როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია - მერიამ ახალი კონტრაქტი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიასთან გააფორმა

16.01.24 13:17
როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია - მერიამ ახალი კონტრაქტი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიასთან გააფორმა

თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება. კახი კალაძის უწყებამ კონტაქტები გაუწყვიტა კომპანიებს, რომლებიც წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ კალაძემ ახალი ხელშეკრულებები ახალ კომპანიას, შპს "პარმას" გაუფორმა, რომლის დამფუძნებელიც ბერა ივანიშვილის მეგობარი დავით თოფურიაა.

თოფურიამ "პირველებს" დაუდასტურა, რომ მისი კომპანია არის ერთ-ერთი, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას დაასრულებს. მასთან ერთად კიდევ 5 კომპანიაა, რომ თვის ბოლომდე შეეცდება ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

მან ასევე დაადასტურა, რომ მისი კომპანიის თანამშრომლები უკვე წერეთლის გამზირზე მუშაობენ.

თავად ადგილზე მომუშავე კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ თვის ბოლომდე მისცეს ვადა, რომ სამუშაოები დაჩქარებულად დაასრულონ.

ენმ-ს წევრი ვასო ურუშაძე პირდაპირ ამბობს, რომ ახალი კონტრაქტორი კომპანია სწორედ ივანიშვილთან კავშირების გამო აარჩია თბილისის მერიამ.

კომპანიები, რომლებიც არიან ტენდერში გამარჯვებულები და არიან სამუშაოების განმახორციელებლები, მჭიდროდ დაკავშირებულები არიან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანთან. ერთი მხრივ, ისინი შეიძლება იყვნენ შემომწირველები ან წარმოადგენდნენ რომელიმე ოლიგარქიული კლანის, ან ხელისუფლების წარმომადგენლის გარემოცვას", - ამბობს ვასო ურუშაძე.

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით კი,  ახლა ახალი კომპანიისთივს ხელშეკრულების გაფორმება ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი ხარჯების გაწევას მოითხოვს.

ის, რაც წერეთელზე ხდება, არის კალაძის უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი მაგალითი. თუ ვინმე ჰგონია, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმებით ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ეს ასე არ არის, რადგან ახლა ახალი კომპანიისთივს კიდევ ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ბიუჯეტმა დამატებით კიდევ უნდა იზარალოს თანხები და საბოლოოდ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, როგორც ხარჯეფექტურობა, ისე ამ შესრულებული სამუშაოების ხარისხი", - ამბობს საბა ბუაძე. 

თბილისის მერიას კი ჯერეჯერობით განცხადება არ გაუკეთებია, თუ რატომ აირჩა შპს "პარმა" და რატომ მიანდეს სწორედ მას წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია. 

მერია მხოლოდ განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტაზე საუბრობს. თბილისის მერის მოადგილე არაფერს ამბობს შპს "პარმასთან" დაკავშირებით.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, ამ ეტაპზე დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება მიმდინარეობს.

„გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის თვის ბოლოს, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები. ვადა არ გადაიწევს - იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი," - განაცხადა მერის მოადგილემ.

თითქმის ერთი წელია, წერეთლის გამზირზე გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, განსაკუთრებით მძიმეა ვითარება პიკის საათებში. გამზირიი  სამშენებლო მოედნად აქციეს, გადათხარეს, ახლა კი მერია ამბობს, რომ ძველი კონტრაქტორი კომპანიები  ვალდებულებებს ვერ ასრულებდდნენ.