მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
მეუღლეზე და არასრუწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა თელავში მოხდა, ძალადობრივი ქმედების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემდეგ კი ბრალდებული მიიმალა. ის ცხელ კვალზე, ზესტაფონში დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთიდან ახლადდაბრუნებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც, ფიზიკურად იძალადა შვილზეც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.