"სოლიდარობა მიუსაფარ ცხოველებს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

01.11.26 20:18
"სოლიდარობა მიუსაფარ ცხოველებს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებების დამცველების აქცია იმართება. კობახიძის ადმინისტრაციასთან შეკრებილები ძაღლების სამარხების შესწავლას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ, თავშესაფრებში შესვლის უფლება ნებისმიერ დროს მიეცეთ, რათა იქ არსებულ ვითარებას გაეცნონ.  

ადგილზე სიტყვით გამოსვლებიც მიმდინარეობს. 

ჩვენი მოთხოვნაა, რომ სრულად ამოღებული იყოს ყველა სამარხიდან ყველა ლეში. უნდა იყოს დათვლილი, იდენტიფციირებული, იმიტომ, რომ რამდენიმე ძაღლი ამოიცნეს ადამიანებმა, რომლებიც მანამდე ეძებდნენ და პასუხი ვერ მიირეს მონიტორინგიდან. მარტო სიკვდილის მიზეზი არ არის საკმარისი, აქ არის, რომ ძაღლების გატაცება ხდება, იყო იქ ჯიშიანი, საყელურიანები და ა.შ., - ამბობს აქციის მონაწილე. 

პოლიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პასუხისმგებელი პირები ერთი კვირის ვადაში დააკავონ.

შეიძლება, ითქვას, რომ ივანიშვილი არა მარტო კაციჭამია, არამედ ძაღლიჭამია დიქტატორიც არის, რომელთანაც საჭიროა ყველა სახის ბრძოლა და ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა ამ აქციაზე, ბუნებრივია, არის შეწყვეტა ამ პროცესის, პირველ რიგში. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმედი ამ ეტაპზე, რომ ისინი ვინმეს დააპატიმრებენ ამ დანაშაულის გამო, თუმცა თუ არ უნდათ, რომ იურიდიულად გახდნენ თანამონაწილეები აი, ამ მასობრივი, არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ იურიდიული დანაშაულისა, მაშინ კეთილი ინებონ და ეს არაგველი და ვინმე გორის თავშესაფრის უფროსი ერთი კვირის ვადაში დააკავონ, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი. 

ცნობისთვის,  "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და  ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე. 

რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ - ორ რეისს აკეთებს. 

 

"შაბათის ანონსის" გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა "ძაღლების სასაკლაო და სამარხები" იპოვეს და კადრები რედაქაციას მიაწოდეს. 

 

მსგავსი სიახლეები