"ოცნების" პოლიტიკური სიურპრიზი ოპოზიციას - თვითმმართველობის არჩენები შესაძლოა, 2 ოქტომბერს ჩაინიშნოს

24.06.21 17:29
"ოცნების" პოლიტიკური სიურპრიზი ოპოზიციას -  თვითმმართველობის არჩენები შესაძლოა, 2 ოქტომბერს ჩაინიშნოს

ახალი პოლიტიკური სიურპრიზი ოპოზიციას „ქართული ოცნებისგან“ -  თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა, 2 ოქტომბერს გაიმართოს. თარიღის 1 თვით გადმოწევა ოპოზიციას მომზადების დროს პრაქტიკულად აღარ უტოვებს და წინასაარჩევნო კოლაფსს ქმნის. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, ოპოზიციას  არჩევნებისთვის მომზადებაში ხელი შეუშალოს.

ყველაფერს გააკეთებენ, მათ შორის, იმისთვის, რომ ისეთ დროს ჩაატარონ, რომ ოპოზიციამ ვერ მოასწროს მომზადება. ბიუროკრატიულად, ტექნიკურად შექმნან გარკვეული პრობლემები. ნებისმიერი თარიღი, რომელიც იქნება დასახელებული, იქნება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი, იმიტომ, რომ ძალიან მალევე მოუწევთ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

„მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი, ამბობს, რომ მისთვის არჩევნების თარიღს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ არჩევნები ცოტა მოგვიანებით ჩაინიშნებოდა. 

ცოტა გვიან სჯობდა, რა თქმა უნდა. ვერ ვხვდები, ეს ორი რიცხვი რატომ აქვთ აკვიატებული. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ოპოზიციაში არის მოსაზრება, რომ ცოტა გვიან სჯობდა, - ამბობს  იოსელიანი. 

მმართველი გუნდის წევრი, შალვა პაპუაშვილი, კი აცხადებს, რომ არჩევნების 2 ოქტომბერს ჩანიშვნა მხოლოდ ლოჯისტიკის საკითხია. 

ეს არის აბსოლუტურად ლოჯისტიკური საკითხი, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, იყოს მეორე ტურები. იცით, რომ არის პირველსა და მეორეს ტურს შორის სხვაობა, ანუ ფაქტობრივად, ორთვიანი პროცედურაა არჩევნების , რაც უფრო გადაიწევს იქით, გადავა დეკემბერში და ახალ წლებამდე მივალთ, ასე რომ, უმჯობესია ოაქტომბრის დასაწყისი, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.


 

მსგავსი სიახლეები