მელიას დაკავების ორი დღით გადადება უნდოდა - კობახიძე გახარიაზე

13.03.21 12:09
მელიას დაკავების ორი დღით გადადება უნდოდა - კობახიძე გახარიაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის,  ირაკლი კობახიძის მტკიცებით,  გიორგი გახარიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 17 თებერვალს, საღამოს 5 საათზე შეცვალა. ვინ რა პოზიციაზე იყო მელიას "ნაცინალური მოძრაობის" ოფისის შტურმით აღების საკითხზე, ამის შესახებ კობახიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. 

კობახიძის თქმით, იმდროინდელ პრემიერ  გახარიას სურდა, რომ  მელიას დაკავება რამდენიმე დღით გადადებულიყო, რადგან ოფისში ნაკლები ხალხი ყოფილიყო. 

არგუმენტი იყო ის, რომ თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანის კონცენტრაცია ორი დღის შემდეგ. მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობთ იმაზე, რომ პირიქით - კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა, თქვენ თუ გახსოვთ 2 დღეში ოფისში ადამიანების კონცენტრაცია პირიქით გაიზარდა, რამაც შედარებით, გაართულა ოპერაციის ჩატარება,

კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიასთან მისი  გადადგომის შემდეგ, მმართველი გუნდიდან კომუნიკაცია აღარავის აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა, 23 თებერვალს კი სპეცრაზმი ძალის გამოყენებით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით დააკავეს.