პანდემიის წარმატებული მართვა და გაჯანსაღებული ეკონომიკა - პრემიერის ანგარიში პარლამენტში
პანდემიის გავრცელების ეფექტიანი მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონების განვითარება, ეკონომიკური მიღწევები - პრემიერს პარლამენტში უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს საკუთარ ანგარიშს აცნობს. პარლამენტში პირველად ხდება, როდესაც გამომსვლელი ტექსტს სუფლიორით კითხულობს. სხდომათა დარბაზში სრული დასწრებაა.
ბოლო ერთი წელი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული გამოწვევების და სირთულეების წელი იყო. გლობალურმა პანდემიამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა, პანემიამ გამოიწვია უპრეცენდენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის მძიმედ აისახა. ჩვენი საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს დაემატა ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისიც. წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ყურადღება კორუფციასთან ბრძოლაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ამ პრობლემის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა.
კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობას ცხადყოფს საერთაშორისო გამჭვირვალობის ბოლო კვლევაც. კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და დღესაც პირველია რეგიონში, - აღნიშნა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატები პრემიერს კითხვებს დაუსვამენ. ოპოზიცია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყველაზე ნაკლები დრო ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას დაუთმო.