მიეცით ტრიბუნიდან პირობა ადამიანებს, რომ ,,ღირსების მარშზე" დაცულები იქნებიან - სამნიძე პრემიერს

25.06.21 17:37
მიეცით ტრიბუნიდან პირობა ადამიანებს, რომ ,,ღირსების მარშზე" დაცულები იქნებიან - სამნიძე პრემიერს

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ, პრემიერს ,,ღირსების მარშის" მონაწილეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა. დეპუტატის თქმით, 5 ივლისს დაგეგმილ მარშთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მუქარის შემცველი განცხადება ვრცელდება, რაც საფრთხის შემცველია. 

სამნიძემ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა, ტრიბუნიდან მიეცა თითოეული ადამიანისთვის პირობა, რომ მათ უფლებებს სახელმწიფო დაიცავს. 

ადამიანის უფლებებზე საუბრობდით. 5 ივლისს დაგეგმილია ,,ღირსების მარში", რასთან დაკავშირებითაც უამრავი, ძალიან სახიფათო განცხადება კეთდება სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან. მინდა, რომ თქვენ ამ მნიშვნელოვანი ტრიბუნიდან თითოეულ ადამიანს მისცეთ გარანტია, რომ ისინი დაცულები იქნებიან ამ დროს და ის მუქარები, რომლებიც ისმის, ვერაფერს დააკლებს ამ ადამიანებს და პირველ რიგში, დაიცავთ კონსტიტუციას. თუ შეიძლება, ამ ტრიბუნიდან თქვენი პირადი დამოკიდებულება და მზაობა, რომ დაიცავს სახელმწიფო ადამიანებს, გვითხრათ, — განაცხადა სამნიძემ.
 

Tbilisi Pride 5 ივლისს ,,ღირსების მარშს" გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".