რა დაგიშავათ კანონმორჩილმა ადამიანებმა? - უდუმაშვილის კითხვა პრემიერს
რა დაგიშავათ კანონმორჩილმა ადამიანებმა? - ამ კითხვით მიმართა ,,ენმ"-ს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
საქმე ეხება ღარიბაშვილის კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნებათ.
მაინტერესებს, რა დაგიშავათ ჩვენმა პატიოსანმა, კეთილსინდისიერმა და კანონმორჩილმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც დაჯარიმების შემდეგ, ადგნენ, წავიდნენ, შესაძლოა, ეს თანხა ისესხეს, რადგან ჯარიმები საკმაოდ სოლიდური იყო და გადაიხადეს? მე მაინტერესებს, რატომ ისჯება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება? - თქვა უდუმაშვილმა.
საქართველოს პრემიერი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.