"ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილს ექიმების წერილი დაუმალა?!

24.01.24 12:54
"ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილს ექიმების წერილი დაუმალა?!

"ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილს ექიმების წერილი დაუმალა?! - შესაბამის ეჭვს "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმები გამოთქვამენ. 

მალხაზ გოგუა "პირველების" ეთერში ყვება, რომ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება საეჭვოდ ემთხვევა, ექიმების მიერ "ქართული ოცნების" ოფისში დატოვებულ წერილს, სადაც მედიკოსები დახმარებას პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ. 

დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს ჯერ კიდევ შარშან მარტში, მაგრამ ეს გადავადდა ჩვენი პროტესტის გამო და მას შემდეგ გვითხრეს, რომ ფაქტობრივად, აღიარეს თავიანთი შეცდომა. მოუმზადებელი იყო ეს ყველაფერი, ექსპერტებს ჩავრთავთ, თქვენ გკითხავთ და ა.შ... ამ დაპირებებით გაიარა ამ დრომ. ახლაც გრძელდებოდა ეს რეჟიმი, მაგრამ მოულოდნელად მიიღეს გადაწყვეტილება - რა უძღოდა ამას წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის მეორე თუ მესამე დღეს, ამ მომენტით ვისარგებლეთ და მივმართეთ მას წერილით, რომ ჩარეულიყო ამ საქმეში და დაგვხმარებოდა. ოფიციალურად პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ ვნახეთ მთავრობის ელვისებური რეაქცია, რომ მოიწვიეს სასწრაფოდ სხდომა, გაიტანეს საკითხი და მიიღეს დანგრევის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის არაფრით დასაბუთებული.

იქ გაჟღერდა, რომ სამინისტრომ ბევრი იმუშავა ამ საკითხზე და ა.შ.. შედეგი გვანახონ ბატონო, არცერთი საექსპერტო დასკვნა არ არის. ერთადერთი საექსპერტო დასკვნა არის ფასადის შესახებ, რომელიც ორი წლის წინ იყო მიცემული შეკვეთა. არ გვაღირსა საექსპერტო ბიურომ დასკვნა, იქაც რაღაცაში იყო საქმე. ახლა დაიდო დასკვნა. იმას ბევრი არაფერი არ უნდა, გარედან რომ შეხედავ მიხვდები, რომ იქ დემონტაჟია გასაკეთებელი, მაგრამ ეს არის ფასადი და არა შენობა.

ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენი წერილი ადრესატამდე არ მისულა. არადა, წერილი ჩავაბარეთ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში და ვინ დაუმალა ბატონ ბიძინას, ეს გაარკვიონ თავად. პასუხი მთავრობისგან მივიღეთ. ელვისებური გადაწყვეტილება იყო ისიც, რომ ჯერ ითქვა, 90 დღეს მივცემთ მოსაფიქრებლადო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ პროტესტი მაინც იქნებოდა და ამიტომ ცაიტნოტში ჩაგვაყენეს და 5 თებერვლამდე გვაძლევენ ვადას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება. კომპენსაციები ჩვენი მოთხოვნა არ არის.

საავადმყოფოს დახურვა არის ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება. მინისტრმა თქვა, რომ საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებთ თანამშრომლებთან ერთად. კარგ საქმეს რომ აკეთებდნენ, ასეთ კომპენსაციას არ შემოგვთავაზებდნენ. იციან, რომ ცუდ საქმეს აკეთებენ და ამ თანხით ჩვენი მოსყიდვა უნდათ", - ამბობს მალხაზ გოგუა.

დარჩება თუ არა ათობით ექიმი სამსახურის გარეშე - რესპუბლიკური საავადმყოფოს  თანამშრომლების ბედი ისევ გაურკვეველია. ათობით მედიკოსი ამ წუთებში კლინიკაში იკრიბება და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.

"ქართულმა ოცნებამ" უკვე გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდ კლინიკას დაანგრევს. ჯანდაცვის მინისტრი კი ირწმუნება, რომ თანამშრომლებს კომპენსაციას და დასაქმებას სთავაზობს, თუმცა ექიმების ნაწილისთვის ეს არადამაჯერებელია.

 

მსგავსი სიახლეები