ეს არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გაგრძელება - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე
პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოეთში დადიოდნენ და ითხოვდნენ, საქართველოსთვის ჯერ ვიზა ლიბერალიზაცია არ მიეცათ, შემდეგ კი იმასაც იძახდნენ, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრობისთვის მზად არ იყო.
მოვისმინე ჩევნი ოპონენტების მხრიდან, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი, რამდენად გამაოგნებელი შეიძლება, ეს იყოს, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ პარლამენტის წევრია, არჩეულია, გამოდის და იძახის, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, რომ წევრი გავხდეთ ნატო-ს.
რა მახსენდება, იცით, როცა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობდით, როცა ევროკავშირში ხშირი სიარული და მუშაობა გვიწევდა, მაშინ ჩვენი ოპონენტებიც დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ არ მიეცეს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია. უვიზო რეჟიმი. ეს არის სიმართლე. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მავნებლობა. ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს პარლამენტარმა და პოლიტიკოსმა. გვარებსაც დავასახელებ: დავით ბაქრაძე, კანდელაკი.
თქვენ ახლა გამოხვედით და ამბობთ, რომ ქვეყანა არ არის მზად, იყოს ნატო-ს წევრი. ამაზე მეტი პრორუსული განცხადება მითხარით, რომელია? ეს არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გაგრძელება - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქაღთველოს პრემიერი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.