"უხერხული სიტუაცია იმ მხარეს უნდა მოვიკითხოთ, საიდანაც საყვედური გაისმა" - ვოლსკი ზურაბიშვილს ბოიკოტს უანონსებს

27.01.24 15:22
"უხერხული სიტუაცია იმ მხარეს უნდა მოვიკითხოთ, საიდანაც საყვედური გაისმა" - ვოლსკი ზურაბიშვილს ბოიკოტს უანონსებს

ახალი თავდასხმა პრეზიდენტზე - "ქართული ოცნება" უმაღლეს მთავარსარდალს ბოიკოტს უანონსებს. სახელისუფლებო პარტიის წევრები დილიდან პარლამენტში ერთმანეთის მიყოლებით  ზურაბიშვილის როლის დაკნინებაში არიან. კობახიძის გუნდი იერიშზე მას შემდეგ გადავიდა, რაც პრეზიდენტმა პრემიერი ინსტიტუციების უპატივცემულობაში ამხილა.

"ოცნების" წევრი, გია ვოლსკი ევროპის ლიდერებთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებსა და კონსტიტუციის დარღვევას იხსენებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების მხრიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის არ გაფრთხილება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ არის.

მეტიც, ვოლსკის თქმით, უხერხული სიტუაცია უნდა მოვიკითხოთ იმ მხარეს, საიდანაც ეს საყვედური გაისმა, საუბარია საქართველოს პრეზიდენტზე

ამ შემთხვევაში არანაირად არ ირღვევა კონსტიტუცია განსხვავებით იმისგან, რაც ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა. აშკარად დაარღვია კონსტიტუცია, ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა დასკვნა. ცოტა უხერხულიც არის, როცა სერიოზულ, მაღალი დონის სტრატეგიულო თემებზე საუბრობ, შეხვედრის ორგანიზება გაკეთო იმ ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, რასაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია და გადაიტანო ყურადღება იმ თემებზე, რომელიც შესაძლოა, უცებ წაროეშვას სალომე ზურაბიშვილს, სასაუბროდ შემოიტანოს საკითხები, რომელიც მას პირადად არც ეხება. ამასთან, მის ავტორიტეტზეც ძალიან ცუდად მეტყველებს ის, რომ კონსტიტუციას დაუპირისპირდა და საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა კონკრეტული ვერდიქტი. ასე რომ, კონსტიტუციის დარღვევა, თვითონ უხერხული სიტუაცია უნდა მოვიკითხოთ იმ მხარეს, საიდანაც ეს საყვედური გაისმა", - აღნიშნა ვოლსკიმ.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" რეგლამენტი ავალდებულებს, პრეზიდენტს ტრიბუნა დაუთმონ, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ 6 თებერვალს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, მის მოსმენას მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები დაესწრონ.

აქ ნდობა-არნდობის საკითხი არ არის, აქ არის ფორმატი, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას, პოზიციების გაზიარებას. ეს ფორმატი არსებობს და არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავად ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტში დღესდღეობით ფორმალურად არსებობს, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუტანა გარკვეული განაჩენი. მე ვფიქრობ, რომ საფუძველი იმისა, რომ ბოიკოტიც გამოუცხადო, არ მოუსმინო, ხაზგასმით აღნიშნო ისაც, რომ მას ეს ტრიბუნა არ ეკუთვნის, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, რასაკვირველია, ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩემი მოსაზრებაა - ამბობს ვოლსკი.

"ქართულმა ოცნებამ" სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დაბლოკა - საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი შესაბამისი უწყებების მხრიდან არ იყო ინფორმირებული ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილი მომხდარს სამწუხარო ფაქტად აფასებს და აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს არ მისცა საშუალება, სტუმარს ღირსეულად დახვედროდა.