ექსკლუზივი: აღმოჩენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილის სახელზე გაფორმებული მდიდრული სახლი ამერიკაში

"ნოდარ მელაძის შაბათის" ტელერეპორტაჟების ახალი სერია - აღმოჩენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილის სახელზე გაფორმებული ორ სართულიანი სახლი ამერიკაში.
ქალაქ ბალტიმორში, მადეირას ქუჩაზე მდებარე თაუნ ჰაუსი ლელა ჩიქოვანის შვილმა თორნიკე ჩიქოვანმა გადაიფორმა. სახლი ბალტიმორს საუკეთესო უბანში, პატერსონის პარკის პირას მდებარეობს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის ვაჟი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. ის ამ უწყებაში დედამ დაასაქმა. სანამ ლელა ჩიქოვანი სუს-ში მუშაობდა მისი 22 წლის ვაჟიც სამუშაოდ სუს-ში მიიყვანეს. "შაბათს ეთერის" მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან თავდაცვის სამინისტროში თორნიკე ჩიქოვანი 2021 წელს გადაიყვანეს, როდესაც დედა უკვე მინისტრის მოადგილე იყო. შვილი თორნიკე ჯერ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში დაასაქმეს.
2022 წლის 2 მაისიდან ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით კი, მინისტრის მოადგილის ლელა ჩიქოვანის შვილი, ამერიკაში გააგზავნეს, გაეროში, საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობის მიზნით.
"შაბათის ეთერი"საქართველოს საელჩოში იმის დასადგენად მივიდა, საიდან ჰქონდა ორ სართულიანი სახლის შესაძენად 205 ათასი დოლარი მინისტრის მოადგილის ვაჟს, თუმცა "ტვ პირველთან" ჩიქოვანი არ გამოჩენილა.
ინფორმირებული პირი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მინისტრის მოადგილის შვილს, კოლოსალური თანხები ერიცხება. ამას ადასტურებს, დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიერ თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია, მინისტრი პარლამენტ წევრს წერს, რომ 2195 ლარი ბილეთებში გადაიხადეს, ცხოვრების ხარჯებს კი მთავრობის დადგენილების შესაბამისად უხდიან.
მთავრობის 2017 დადგენილებაში წერია, რომ ნიუ იორკში ერთი დღის ცხოვრების ხარჯი 235 დოლარია დოლარია, კვების და დამატებით ხარჯებისთვის კი 60 დოლარი, ანუ საცხოვრებლის ხარჯს, სამინისტრო, მინისტრის შვილს თვეში დაახლოებით 7000 დოლარს უხდის და კიდევ 1800 დოლარს კვებისთვის.
თავდაცვის მინისტრის შვილმა, თაუნ ჰაუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2022 წლის 13 ოქტომბერს შეიძინა, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა უძრავი ქონების გადაფორმების დოკუმენტი, რომელიც მერილენდის შტატის სერვისების სააგენტოში ინახება, აქ ლელა ჩიქოვანის ვაჟი წერს, რომ ეს რეზიდენცია ბალტიმორში შეერთებულ შტატების მისი მთავარი საცხოვრებელი ადგილები იქნება, თუ აქ ცხოვრობს, მაშინ რატომ იღებს სახელმწიფოსგან დამატებით თანხას? ან ნამდვილად ერიცხება თუ არა ყოველ თვე მინისტრის შვილს ქირის ფული? - ლელა ჩიქოვანმა არცერთ კითხვას არ უპასუხა.
რა წერია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის დეკლარაციაში?
- ლელა ჩიქოვანის მიერ 2023 წელს შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ მან 2022 წლის 13 მაისს 335 ათასი დოლარის ოდენობის სესხი 4 წლის ვადით აიღო. ამავე დეკლარაციის კრედიტის დიდი ნაწილი 205 ათას 565 დოლარი ლელა ჩიქოვანმა იმავე წელს დაფარა იღონდ ფულის დიდი ნაწილი თანამსესხებელმა დაუფარა - ვინ დაკონკრეტებული არ არის.
მინისტრის მოადგილის და მისი შვილის ქონება
- 216 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, 123 კვადრატული მეტრი გორის ქუჩაზე, 119 კვადრატული მეტრი თარხნიშვილის ქუჩაზე, 50 კვადრატული ყაზბეგის გამზირზე - ეს ყველაფერი 2016 წელს 22 წლის თორნიკე ჩიქოვანმა 4 თვეში იყიდა. (დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნის შვილმა ქონება საჯარო აუქციონებზე შეიძინა, ეს ის სახლია, რომელიც ბანკებში გადაუხდელი სესხების გამო ხალს ჩამოართვეს, გამოასახლეს და გაუყიდეს).
- 123 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გორის ქუჩის 3 ნომერში თორნიკე ჩიქოვანის სახელზე 2016 წლის 15 თებერვალს გადაფორმდა. დოკუმენტების მიხედვით, კალანდიების სახლი აუქციონზე ჩიქოვანმა 91 ათას ლარად იყიდა. დაახლოებით ერთ თვეში, 29 მარტს, ჩიქოვანის სახელზე აღმოჩნდა 50 კვადრატული ყაზბეგზე. 7 აპრილს შეიძინა იძულებით აღსრულების აუქციონზე სახლი ვაკეში.
- 216 კვადრატულ მეტრ ბინაში, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს მაღალჩინოსნის შვილმა 255 ათასი ლარი გადაიხადა. ამავე პერიოდში დაკარგეს სახლი თარხნიშვილის ქუჩაზე მანანა ჭიღლაძემ და ნინო გოგიჩაიშვილმა. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილს ემიგრაციაში წასვლა მოუწია.
ადამიანები, რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაკარგეს ამბობენ, რომ სავარაუდოდ, საქმე დიდ გარიგებასთან გვაქვს - ჩინოვნიკებმა წინასწარ იციან იძულებით აღსრულების აუქციონზე გასატანი სახლების შესახებ და ქონებას ჩალის ფასად იგდებენ ხელში. ასე მოხდა სავარაუდოდ ჩიქოვანების შემთხვევაშიც.
- მოქალაქეებისთვის იძულებით ჩამორთმეულ ქონებას თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილი ჯერ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან საბაზროზე ბევრად იაფად ყიდულობს, შემდეგ კი სარფიანად ასხვისებს.
თორნიკე ჩიქოვანმა უკვე გაყიდა სახლი თარხნიშვილზე. მის საკუთრებაში აღარ არის არც სახლი გორის ქუჩაზე, ის ჩიქოვანმა კომპანია ჯიემსის მფლობელს მიჰყიდა.
მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი