სამთავრობო ცვლილებები მმართველ გუნდში ადასტურებს, რომ "ოცნების" გემი იძირება - ანა ნაცვლიშვილი
სამთავრობო ცვლილებები მმართელ გუნდში ადასტურებს, რომ "ოცნების" გემი იძირება, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილის კულისებიდან გამოყვანის მიუხედავად, მმართველი პარტია კრიზისშია და ახლა დამატებითი ზომების მიღებას ცდილობს.
თუ ასეთი ცვლილებები მართლაც გახორციელდა, და ამაზე როგორც კულუარებში საუბრობენ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ეს ადასტურებს ერთაერთ რამეს, რომ "ქართული ოცნების" გემი იძირება და ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ არიან უმძიმეს კრიზისში. ამ კრიზისის გადასალახად მათ ჯერ თავიანთი მთავარი მაშველი ივანიშვილი გამოიყვანეს სამალავიდან და აიძლეს საჯაროდ გამოსვლა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა და ახლა ცდილობენ, დამატებითი ზომები მიიღონ, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" არის ძალიან მძიმე კრიზისში და მისი დღეები არის დათვლილი, - ამბობს ნაცვლიშვილი.
სამთავრობო კარუსელი "ქართულ ოცნებაში" - "პირველების" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის გადაყვანას განიხილავს, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ მოიაზრება, თუმცა ამ თანამდებობიდან ღარიბაშვილს პრემიერის წარდგენის უფლება არ ექნება. პარტიის ახალი წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრის შეცვლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.