ივანიშვილს როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს - აქუბარდია
"ივანიშვილს როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს" - დეპუტატი თეონა აქუბარდია ქართველ ოლიგარქს სიცრუეში ამხელს და ამბობს, რომ პოლიტიკაში მესამეჯერ დაბრუნებულმა ივანიშვილმა საგანგებო ყრილობის შემდეგ საზოგადოებას განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობას ღარიბაშვილი არ დატოვებდა, თუმცა აქუბარდიას თქმით, ბიძინამ მოატყუა როგორც ქართველი ხალხი, ასევე საკუთარი თანაგუნდელებიც.
აქუბარდია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილმა გადაწყვეტილება საკუთარი ოლიგარქიული მმართველობის შესანარჩუნებლად მიიღო და არა ხალხისთვის კეთილდღეობის მოტანის მიზნით.
ივანიშვილმა თქვა, რომ აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ მობრუნდა. 30 დეკემბერს თქვა, რომ პრემიერს არ შეცვლიდა და შეცვალა. ეს ადამიანი როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს, როგორც უნდა ისე ატყუებს ყველას, მათ შორის, საკუთარ თანაგუნდელებს. ეს ხალხისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს, რადგან ივანიშვილი ამას არ აკეთებს ხალხისთვის, იგი აკეთებს საკუთარი სისტემის და ოლიგარქიული მმართველობის შესანარჩუნებლად. ამ მოცემულობაში, როდესაც უფრო რეიტინგული პრემიერი იცვლება ნაკლებად რეიტინგული პრემიერით, ეს არის შესაძლებლობა ოპოზიციისთვის. ყველაზე დიდი უარყოფითი ფიგურა, ვინც კი ჰყავდათ "ოცნებაში", ეს არის ირაკლი კობახიძე, შესაბამისად ამ ადამიანის გაპრემიერებით ეს შესაძლებლობა გამოსაყენებელია - ამბობს აქუბარდია.