ბავშვი არ დაბადებულა, მთხოვთ, სახელი რა დაერქმევაო - მაჭარაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე
ვინ გაყვება პარლამენტიდან ირაკლი კობახიძეს მინისტრთა კაბინეტში? - "ხალხის ძალის“ დეპუტატი კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა "ქართული ოცნების" მსგავსად, ამტკიცებს, რომ სამთავრობო ცვლილებები გუნდის გაძლიერებისთვის და ყველას რესურსის მაქსიმალურად გამოყენებისთვის იყო საჭირო.
"ბავშვი არ დაბადებულა და თქვენ მთხოვთ, სახელი რა დაერქმევაო - ჯერ პრემიერობის კანდიდატი წარდგენილი არ არის"- უთხრა "ოურველებს" დეპუტატმა.
რაც შეეხება გავრცელკებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს, მაჭარაშვილი ამბობს, რომ მისი კოლეგა "საკმაოდ პროფესიონალია" და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს:
ნიკა სამხარაძე საკმაოდ პროფესიონალი ადამიანია, ჩვენი კოლეგა და მეგობარი. ის საკმაოდ კარგად ართმევს თავს ამ საგარეო მიმართულებებს, რასაც ჰქვია საპარლამენტო დელეგაციები, საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობა.
ეს ცვლილებები თუ ნაწილობრივი ცვლილებები არის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, გუნდში ვის რა რესურსი აქვს, როდის ვინ როგორ გამოიყენებს" - აცხადებს მაჭარაშვილი.
მისი თქმით, ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც სავარაუდომ თავდაცვის სამინისტროს ჩაიბარებს, "ძალიან კარგი პროფესიონალია და კარგად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში".
მაჭარაშვილი იქვე ოპოზიციაზეც საუბრობს და აანონსებს, რომ მათი "წუწუნი პოლიტიკურ კვნესად გადაიქცევა".
ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურად ღარიბაშვილის დროს დასამარდებიან თუ კობახიძის დროს. ფაქტია, რომ სწორედ იმათი წუწუნი ისმის საარჩევნოდ და აუცილებლად პოლიტიკურ კვნესას გავიგებთ 26 ოქტომბრის მერე"- დასძინა "ხალხის ძალის" ლიდერმა.