მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი აპირებს საჯარო სივრცეში გამოჩენას და ამიტომ ისუფთავებს ველს, რომ უხერხულობები მოიხსნას - ხიდაშელი

30.01.24 19:23
მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი აპირებს საჯარო სივრცეში გამოჩენას და ამიტომ ისუფთავებს ველს, რომ უხერხულობები მოიხსნას - ხიდაშელი

გამოჩნდება თუ არა ქართველი ოლიგარქი აქტიურად საზოგადოების წინაშე - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "დღის ამბების" ეთერში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამეჯერ დაბრუნებას იხსენებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერობის თანამდებობიდან გამიზნულად გადააყენა, რადგან შესაძლოა, ოლიგარქი საჯარო სივრცეში გამოჩენას აპირებდეს, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, გარკვეული უხერხულობები მოიხსნას.

ხიდაშელი ყოფილ პრემიერ-მინისტრს სისტემურ კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილისთვის თანამდებობის დატოვება მის მიერ კონკრეტული წითელი ხაზების გადაკვეთამ განაპირობა.

კორუფცია სისტემური პრობლემაა და ეს არ არის ინდივიდუალური, რომ ქრთამი ავიღე, მომეცი, წავედი, მორჩა, ჩვენ ორს შორის ეს ყველაფერი დასრულდა. ამაში ბრალდებული, ეჭვმიტანილი და შემჩნეული ღარიბაშვილი საჯარო სივრცეში არ ყოფილა. არავის არ უთქვამს, რომ დიდი ჯიბე უკეთია, ქრთამს იღებს და ფულს ჯიბეში უდებენო. სისტემურ, აი საცეცები რომ აქვს ყველგან გაშვებული, ამ ტიპის კორუფციული ბრალდებებია მის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა ეს იცის, თუ არ იცის, შედეგისთვის არაფერს არ ცვლის. მხოლოდ იმას ცვლის, რაც მოხდა მაშინაც და ახლაც. რაღაც მომენტში, როდესაც იმ ზღვარს გადააჭარბებ, რომელიც შენი პატრონისთვის მისაღებია, მერე მიდიხარ. მე ვფიქრობ, რომ ის აპირებს თავადაც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში ივლის და ყველა სოფელში შეხვედრებს გამართავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის აპირებს საჯარო სივრცეში გამოჩენას, ამიტომ ისუფთავებს ველს, რომ უხერხულობები მოიხსნას", - ამბობს ხიდაშელი.