კობახიძე იმ დანაშაულებრივი სქემების შემოქმედია, რომელზეც "ოცნება" დგას - ნაცვლიშვილი
შეიცვლება თუ არა ქვეყანაში რუსული რიტორიკა პრემიერის ჩანაცვლებით - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი "რეაქციის" ეთერში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია პრემიერის კანდიდატურის შეცვლას, რადგან ხელისუფლებაში ქართველი ოლიგარქი რჩება, რომელიც რუსულ პოლიტიკას ატარებს.
ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს მხდალს უწოდებს და ამბობს, რომ იგი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა. ნაცვლიშვილის თქმით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები კობახიძის უპასუხისმგებლობამ განაპირობა.
რა ცვლილებაც არ უნდა განხორციელდეს "ოცნებაში" მთავარი არის ის, რომ "ქართული ოცნების" გემი მიდის რუსული მიმართულებით და მესაჭე ერთი ირაკლი იქნება, მეორე, თუ მესამე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამ გემის მიმართულება არ შეიცვლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებას ფასადური სიახლის შემოთავაზებაც აღარ შეუძლია. კობახიძე ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია ივანიშვილთან ერთად მთელი იმ დანაშაულების სქემებისა, რომელზეც დგას "ოცნება". ივანიშვილი ძალაუფლებას ინარჩუნებს იმისთვის, რომ რუსეთს ემსახუროს და თავისი ჯიბე გაისქელოს. ეს ის კობახიძეა, რომლის სიმხდალის და უპასუხისმგებლობის გამო, დაუშვა საქართველოს სპიკერის სკამში რუსი გავრილოვის ჩასმა და შემდეგ მისი სიმხდალის გამო მოხდა ის უბედურება, რაც 20 ივნისს დატრიალდა" - ამბობს ნაცვლიშვილი.